პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, „მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ საქართველო არის იმ ქვეყნების რიგში, რომლისთვისაც რუსეთის დღევანდელი ქმედებები მიუღებელია“. მისივე განმარტებით, „როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ მოქმედებს, ჩვენივე ინტერესებს არ იცავს ამ სიტუაციაში“.
ელენე ხოშტარიამ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რომელიც, მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას.
„უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე“ – თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
„პუტინს სურს, რომ ჰქონდეს აბსოლუტურად ურყევი კონტროლი კონკრეტულად ევროპის ნაწილზე, რომელშიც ჩვენც ვხვდებით. როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ მოქმედებს, ეს ის კი არ არის, რომ ვინმეს მიმართ სოლიდარობას აკლებს, არამედ ჩვენივე ინტერესებს არ იცავს ამ სიტუაციაში. როდესაც ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს არ იცავს, მით უმეტეს როდესაც მათ ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვთ, საზოგადოება და ოპოზიცია უნდა იყოს ძალიან აქტიური. ჩვენ არ ვთმობთ ამ ქვეყანას, „ქართულ ოცნებას“ როგორც უნდა, ისე ხომ არ იქნება? სწორედ ამიტომ, მსგავსი აქციები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უკრაინელებს გავაგონოთ ჩვენი ხმა. ასევე მსოფლიოსაც უნდა გავაგონოთ, რომ საქართველო არის იმ ქვეყნების რიგში, რომლისთვისაც მიუღებელია რუსეთის დღევანდელი ქმედებები.
პირველი – ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან საჭიროა იმის თქმა, რომ მეტად ახსენონ საქართველო უკრაინასთან ერთად. ამასთან, რეგიონის ქვეყნებთან, სადაც უშუალოდ „მოქმედებების თეატრი“ არის განვითარებული, მათ შორის ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, თუნდაც დროებით უსაფრთხოების ალიანსზე და გუნდზე საუბარი არის საჭირო. ალიანსზე, რომელიც ერთად გაუმკლავდება ამ საფრთხეს და დასავლეთთან ერთი ხმით ისაუბრებს. ასევე საჭიროა პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია უკრაინელებთან – დახმარება, რომელიც შეიძლება იყოს ჰუმანიტარული და ამაზე უნდა იყოს ღია და აქტიური კომუნიკაცია. ასევე აუცილებელია საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული ადამიანების პრობლემებზე ხშირად საუბარი. პრემიერ-მინისტრი უნდა ადგეს, იქ ჩავიდეს და იქედან ჩაერთოს CNN-ს. ეს არის ელემენტარული, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუძლიათ, რომ გააკეთონ“, – განაცხადა ხოშტარიამ.