მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი დასავლური სახელმწიფო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება “ფაიზერისა” და “ბიოენტექის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების შესახებ, მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე მოვლენებს.
ინგლისში, უელსსა და შოტლანდიაში ვაქცინაცია სამშაბათს იწყება. ჩრდილოეთ ირლანდიაში კი თქვეს, რომ ადმინისტრირება კვირის დასაწყისში იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი არ გამოუცხადებიათ.
როგორც 6 დეკემბერს გახდა ცნობილი, ქვეყნის მასშტაბით, 50 საავადმყოფოში ვაქცინა უკვე გადანაწილდა.
ვაქცინის 800 000 დოზა ინახება სპეციალურ კონტეინერებში, მკაცრ პირობებში და ის პირველ ეტაპზე, საკმარისი იქნება 400 000 ადამიანისთვის – ერთ პაციენტზე ორჯერადი მოხმარებისთვის სამკვირიანი ინტერვალით.
დიდ ბრიტანეთს უკვე შეკვეთილი აქვს ვაქცინის 40 მილიონი დოზა, რომელსაც უახლოეს მომავალში ელოდება.
დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ ჯანდაცვის ექსპერტები ვაქცინაზე, რომელმაც კვლევების შედეგად 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა:
“უზარმაზარი სირთულეების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ვაქცინაციის კამპანიის პირველი ფაზა დაიწყება”, – განაცხადა ინგლისის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის სამედიცინო დირექტორმა სტეფან პოისმა.
“იმის ცოდნა, რომ ვაქცინა ქვეყანაშია, ჩვენ ვართ პირველები, ვინც ის მიიღო და შესაბამისად, ვართ პირველები მსოფლიოში, საოცარია”, – აღნიშნა კროიდონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მთავარმა ფარმაცევტმა ლუის კაგლენმა.
ვაქცინაციის პროგრამას, რომლის ეფექტის გამოვლენასაც ხანგრძლივი დრო დასჭირდება, ყურადღებით დააკვირდება მრავალი ქვეყნის მთავრობა და ჯანდაცვის სააგენტო. სწორედ, მიღებული შედეგები გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა აღნიშნული ვაქცინით სხვა ქვეყნების მომარაგებაც.
პარალელურად, დღესვე:
ინდონეზიამ განახორციელა ვაქცინის დაახლეობით მილიონი დოზის ტრანსპორტირება ჩინეთიდან. ქვეყანა შემდეგ თვეში კიდევ მომარაგდება 1 800 000 დოზით.
ცოტა ხნის წინ, მსოფლიოში ვაქცინების უდიდესმა მწარმოებელმა – ინდოეთის ვაქცინების ინსტიტიტმა, მთავრობისგან მოითხოვა ნებართვა კორონავირუსის ვაქცინის COVISHIELD-ის გადაუდებელი გამოყენების შესახებ. ვაქცინა შემქნილია ოქსფორდის უნივერსიტეტთან და ბრიტანულ “ასტრაზენეკასთან” პარტნიორობით.
ინდური მედიის ინფორმაციით, ოთხი კლინიკური კვლევა ჩატარდა დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიასა და ინდოეთში, შედეგებმა კი აჩვენა, რომ აღნიშნული ვაქცინა ეფექტურია covid 19-ით მძიმედ ინფიცირებულებშიც.
აშშ იმედოვნებს, რომ ვაქცინაციას დეკემბრის ბოლოს დაიწყებს .
ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოები კი განაგრძობს მონაცემების კვლევას “მოდერნასა” და “ასტრაზენეკას” ეფექტიანობაზე.