პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებით, ყველა გლობალური, მასშტაბური ჩაკეტვის წინააღმდეგ მიდის.
მისი თქმით, ჩაკეტვა არ არის გონივრული და ერთადერთი გამოსავალი. ეს არის დროებითი გამოსავალი, რასაც შედეგად კიდევ უფრო მეტი უბედურება მოაქვს.
„ადამიანები შიმშილით იხოცებიან, კარგავენ სამუშაო ადგილს, დეპრესია და ნიჰილიზმი ისადგურებს საზოგადოებაში,“ – თქვა ღარიბაშვილმა და მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნულზე ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობამ, პარლამენტმა, ყველამ, ყველას უნდა მივცეთ მაგალითი და საზოგადოებას ავუხსნათ, რომ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია.
„იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანაშია და მეორე მხრივ, არ ჩავკეტოთ ქვეყანა, დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი ახლობლები,“- დასძინა მთავრობის მეთაურმა.
ღარიბაშვილმა მიმდინარე თემაზე – თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს აქვს სრული მზაობა იმისთვის, რომ არჩევნებზე ძლიერად გაიმარჯვოს.
„რა ტენდენციაც მიმდინარეობს მსოფლიოში, ამ გლობალური, მასშტაბური ჩაკეტვის წინააღმდეგ მიდის ყველა. არავინ აღარ იყენებს ე.წ. ლოქდაუნებს და მკაცრ ჩაკეტვებს. აკეთებენ „ლოკალურ“, წერტილოვან შეზღუდვებს, რაღაც გარკვეულ რეგულაციებს, რაც ჩვენც მოგვიწევს და გუშინ უკვე დავიწყეთ.
მაგრამ ჩაკეტვა არ არის გონივრული და ერთადერთი გამოსავალი. ეს არის დროებითი გამოსავალი, რასაც შედეგად მოაქვს კიდევ უფრო მეტი უბედურება – ადამიანები შიმშილით იხოცებიან, კარგავენ სამუშაო ადგილს, დეპრესია და ნიჰილიზმი ისადგურებს საზოგადოებაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში.
რაც შეეხება არჩევნებს – ჩვენ მაქსიმალური მობილიზება უნდა მოვახერხოთ, იმისთვის, რომ არჩევნებზე ძლიერად გავიმარჯვოთ. მე ამის მჯერა, ჩვენ გუნდს სჯერა, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. განვითარება ყველა რეგიონს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.