დღეს მსოფლიოში სახელგანთქმულ რეჟისორს, ოთარ იოსელიანს 90 წელი შეუსრულდებოდა.
1962 წელს რეჟისორმა დადგა მცირემეტრაჟიან ფილმი „აპრილი“. 1964 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი „თუჯი“, რომელშიც აღწერა მეტალურგიული კომბინატის მუშაობის ერთი დღე. ამ ფილმებში უკვე გამოჩნდა რეჟისორის ორიგინალური ხელწერა, რომელიც აშკარა იყო მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში „გიორგობისთვე“ (1966). ამ ფილმისთვის მან კანის კინოფესტივალზე ფიპრესისა და ჟორჟ სადულის პრემიები დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის. 1971 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „იყო შაშვი მგალობელი“, ხოლო 1976 წელს კი რეჟისორმა დადგა „პასტორალი“, რომელმაც ბერლინის ფესტივალის კინო-პრესის ჯილდო დაიმსახურა.
ცნობილი ქართველი რეჟისორი 1984 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში. მსოფლიო აღიარება მოუტანა საფრანგეთში გადაღებულმა პირველივე მხატვრულმა ფილმმა „მთვარის ფავორიტები“ (1984; 1985 – ჟიურის დიდი სპეციალური პრიზი, OCIC-ის პრიზი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე, CICAE-ს პრემია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე).
ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა 2023 წლის 17 დეკემბერს, 89 წლის ასაკში, თბილისში.