საერთაშორისო ტურიზმისთვის, გლობალური მიმართულებების 32% (69 მიმართულება ჯამში) დახურულია. ამასთან, 38 მათგანს ვიზიტორები 40 კვირაზე მეტია არ მიუღია – ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელსაც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (UNWTO) აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 69 მიმართულებიდან 30 აზიის რეგიონზე მოდის, 15 – ევროპაზე, 11 – აფრიკაზე, 10 – ამერიკის და 3 – შუა აღმოსავლეთის რეგიონზე.
„მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვები ფართოდ გამოიყენებოდა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად. ახლა, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის აღდგნაზე, უნდა ვაღიაროთ, რომ შეზღუდვები პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ერთი ნაწილია. მათი გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს უახლეს მონაცემებსა და ანალიზს, რაც სექტორის უსაფრთხო გახნის შესაძლებლობას მოგვცემს“, – აცხადებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლილიკაშვილი.
შეგახსენებთ, ტურიზმის სექტორში მკვეთრი ვარდნა ნარჩუნდება საქართველოშიც. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს თებერვალში მხოლოდ 42 000 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2020 წელის თებერვალთან შედარებით 89.5%-ით ნაკლებია