LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში უძველესი დნმ-ის ნიმუში დმანისში აღმოაჩინეს – კვლევა, რომელმაც შესაძლოა ევოლუციური საიდუმლოებები ამოხსნას

901
Stephanorhinus-Skull-from-Dmanisi-777x424

მრავალწლიანმა კვლევამ დაადასტურა, რომ ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა –  ახალი აღმოჩენის შესახებ სტატიას მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ჟურნალი „ Nature“ აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, დმანისში აღმოჩენილი მარტორქის კბილის მინანქრიდან მეცნიერებმა შეძლეს, გამოეყოთ მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია. ეს არის კვლევა, რომელმაც შესაძლოა ევოლუციური საიდუმლოებები ამოხსნას. მკვლევარების თქმით, აღმოჩენა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, აღადგინონ ბევრად ადრეული ეპოქების ევოლუციური სურათი, ვიდრე ეს დღემდე იყო შესაძლებელი, ასევე გამოიკვლიონ ცხოველებისა და ადამიანის წინაპრის ისტორია.

,,დმანისში აღმოჩენილი მარტორქის კბილის მინანქრიდან მეცნიერებმა შეძლეს გამოეყოთ 1.77 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია – ცილების პროტეომების თანმიმდევრობის სრული ჯაჭვი.

ეს არის ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში ყველაზე ძველი დნმ-ი, რომელმაც მილიონი წლით დააძველა აქამდე ცნობილი ინფორმაცია, რომელიც კუნძულ იუკონზე (ჩრდილო-დასავლეთ კანადა) აღმოჩენილი 700.000 წლის წინანდელი ცხენიდან იყო მიღებული

აღმოჩენისა და ახალი კვლევის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ და ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორმა ლორენცო რუკიმ ისაუბრეს.

დმანისის პროექტის მხარდამჭერები არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიომოლეკურალური პროექტი კოპენჰაგენისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძისა და პროფესორ ესკე ვირსლევის ხელმძღვანელობით. ანალიზები ჩატარებულია კოპენჰაგენის, კემბრიჯისა და მაქს პლანკის ინსტიტუტების ლაბორატორიაში.

დმანისის, როგორც პრეისტორიული ძეგლის აღმოჩენის ისტორია 1983 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა აბესალომ ვეკუამ შუა საუკუნეების სამეურნეო ორმოში აღმოჩენილი მარტორქის კბილი განსაზღვრა. სიმბოლურია, რომ პირველი გენეტიკური ინფორმაციაც სწორედ მარტორქიდან არის მიღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g