1-ელი ოქტომბერი ურტიკარიის საერთაშორისო დღეა და სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი, ნინო ლომიძე სტუმრობდა, რომელმაც ურტიკარიაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებზე, მკურნალობის მეთოდზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა და საჭირო რეკომენდაციები გაგვიზიარა.
ნინო, რას წარმოადგენს ურტიკარია და რამდენად ხშირია აღნიშნული დიაგნოზი?
პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ურტიკარია ჩვენს საზოგადოებაში ჭინჭრის ციების სახელით არის ცნობილი. ურტიკარია მსოფლიო გამოწვევაა და ის გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ ის დაახლოებით 86 მლნ. ადამიანს აღენიშნება. მწვავე ურტიკარია მსოფლიო მოსახლეობის 20 %-ს შესაძლოა ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში ჰქონდეს. რაც შეეხება ქრონიკულ ურტიკარიას, ის მსოფლიო მოსახლეობის 1 %-ს აღენიშნება და მისი ხანგრძლივობა რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდეა. ურტიკარია ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე. პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ავამაღლოთ ცნობადობა არა მარტო საზოგადოებაში, არამედ თავად სამედიცინო პერსონალში, პედიატრებში, ოჯახის ექიმებში, თერაპევტებში… მათ უნდა გავაცნოთ, თუ როგორ მართონ სწორად აღნიშნული დაავადება, თუ როგორ უნდა უმკურნალონ მას და რაც მთავარია, როგორ უნდა აამაღლონ პაციენტის ცხოვრების ხარისხი.
ცნობისთვის, 1-ელი ოქტომბერი ურტიკარიის საერთაშორისო დღეა და ეს დღე მსოფლიოში 2014 წლიდან აღინიშნება. რა თქმა უნდა, ჩვენი კლინიკა, „ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრი“ აქტიურად არის ჩართული ამ ყველაფერში და ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ ამ დღეს.
ძალიან დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ 2019 წლის მაისში „ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრს“ „ევროპის ასთმისა და ალერგიის გლობალური ქსელის საუკეთესო რეფერალური მომსახურების სერტიფიკატები“ მიენიჭა და ჩვენი კლინიკა მსოფლიო რუკაზე წამყვან საერთაშორისო ალერგოლოგიურ ცენტრებს შორის განთავსდა. შესაბამისად, ჩვენი მოვალეობაა, რომ საზოგადოებას აღნიშნული დაავადების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია და სწორი რეკომენდაციები გავცეთ.
როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი ურტიკარიაზე, როგორ უნდა ამოვიცნოთ აღნიშნული პრობლემა?
ჭინჭრის ციების კლინიკური გამოვლინება ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი ელემენტებია. ზოგჯერ, ამ ელემენტებს კოღოს ნაკბენსაც ადარებენ. ურტიკარიის დროს გამონაყარი შეიძლება სხეულის ნებისმიერ უბანზე განვითარდეს, შეიძლება ეს იყოს მხოლოდ რამდენიმე ელემენტის სახით და შეიძლება გამონაყარმა მთლიანი სხეულიც კი მოიცვას.
ზოგადად, ამ დაავადების დიაგნოსტიკა ძალიან მარტივია, მეტიც, ზოგჯერ, პაციენტები თავად ამბობენ, მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი დიაგნოზი ურტიკარიააო, რადგან ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია ერთი თავისებურება. ეს თავისებურება კი შემდეგი გახლავთ, ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი ელემენტები, რომლებიც შეიძლება, რომ სხეულის ნებისმიერ უბანზე განვითარდეს, იმ კონკრეტული უბნიდან აუცილებლად რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე მონაკვეთში გაქრება. მისი უბნიდან გაქრობის დრო 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ის შეიძლება გაქრეს და სხვა უბანზე გაჩნდეს, მაგრამ ამ დაავადების ძალიან დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ გამონაყარი რამდენიმე საათში შეიძლება ისე გაქრეს, რომ ვერც წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის გამოვლინებასთან გვქონდა საქმე. სწორედ ამიტომ, პაციენტები ვიზიტისას ხშირად ამბობენ, არც კი ვიცი, რა გაჩვენოთ, რადგან ახლა პრაქტიკულად არცერთი წერტილი აღარ მაქვს, დილას კი ასეთ დღეში ვიყავიო და გვაჩვენებენ ფოტოებს, სადაც მთელს სხეულზე აღინიშნება მასშტაბური გამონაყარი. ეს გამონაყარი შეიძლება თავისით ან ანტიალერგიული წამლის ან სტეროიდული მედიკამენტის მიღების შემდგომ გაქრეს ისე, თითქოს არც ყოფილა. რა თქმა უნდა, ამას შეიძლება არ ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი და რამდენიმე საათში ან მეორე დღეს კვლავ დაბრუნდეს გამონაყარი, მაგრამ ამ დაავადების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ გამონაყარი ქრება და შემდგომ ჩნდება. გამონაყარის მთლიანად ალაგება და უკან დაბრუნება ძალიან მალე, რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათში ხდება.
შეგრძნების დონეზე რა გამოვლინებები ახასიათებს ურტიკარიას, გამონაყარს თუ ერთვის თან ქავილი ან სხვა სახის დისკომფორტი?
გამონაყარს იმდენად შემაწუხებელი ქავილი ახასიათებს, რომ მან შეიძლება დაარღვიოს პაციენტის ძილი და ყოველდღიურობაში ძალიან შეამციროს მისი პროდუქტიულობა. მეტიც, ჭინჭრის ციება, რომელიც ხანგრძლივად, თვეების განმავლობაში გრძელდება, შეიძლება, რომ შფოთვისა და დეპრესიის საგანიც იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტს მკვეთრად უშლის ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მინდა დავამატო, რომ ჭინჭრის ციების მქონე პაციენტთა 20-30 %-ს შესაძლოა ჰქონდეს ანგიოედემა, ანუ კვინკეს შეშუპება. ეს არის შეშუპება, რომელიც შეიძლება განვითარდეს ტუჩზე, ქუთუთოზე, შეიძლება მოიცვას სახე, ხელის მტევნები და ა.შ.
არსებობს ორი სახის ჭინჭრის ციება – მწვავე და ქრონიკული. ის გამონაყარი, რომელიც 6 კვირამდე გრძელდება მწვავე ჭინჭრის ციებაა. შეიძლება მწვავე ჭინჭრის ციება ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ჰქონდეს, ანუ საერთოდ არ განმეორდეს ან ჰქონდეს რამდენიმე ეპიზოდი. მწვავე ჭინჭრის ციების შემთხვევაში, ძირითადად, უფრო მოწყვლადები არიან 5 წლამდე ასაკის ბავშვები. ქრონიკული ჭინჭრის ციება უფრო საშუალო ასაკის ადამიანებში და უფრო მეტად მდედრობით სქესში არის გავრცელებული.
რა იწვევს ჭინჭრის ციებას?
ჭინჭრის ციების ტრიგერი ძალიან ბევრია. მწვავე ჭინჭრის ციების ტრიგერი შეიძლება იყოს საკვები. მაგალითად, ბავშვთა ასაკში ჭინჭრის ციების ეპიზოდი ძროხის რძის ცილის ან კვერცხის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს. მწვავე ჭინჭრის ციების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიკამენტებიც, მათ შორის, ტკივილ გამაყუჩებლები, ანტიბიოტიკები. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს მწერის, ბზიკის, ფუტკრის და ა.შ. ნაკბენი. ბავშვთა ასაკში მწვავე ჭინჭრის ციება სხვადასხვა ინფექციამაც შეიძლება გამოიწვიოს. პაციენტების დაახლოებით 5 %-ში კორონავირუსიც ჭინჭრის ციების ერთ-ერთი ტრიგერია. ძირითადად ეს მიზეზები იწვევს მწვავე ჭინჭრის ციებას, თუმცა ის სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობამაც შეიძლება გამოიწვიოს. ჭინჭრის ციება შეიძლება გამოვლინდეს ალკოჰოლის მიღების დროს, კვებითი გადატვირთვის დროს. აღსანიშნავია, რომ ბავშვს შეიძლება არ ჰქონდეს ალერგია კონკრეტულ საკვებზე, მაგრამ თუ ის დიდი რაოდენობით მიიღებს ემულგატორებით, საღებავებით, დანამატებით სავსე საკვებს, თხილეულს, შოკოლადებს, შესაძლოა, რომ მას ჭინჭრის ციება განუვითარდეს. მწვავე ჭინჭრის ციების ხანგრძლივობა საშუალოდ 7 დღეა, მაგრამ მისი ფაზა 6 კვირამდეა, ანუ 6 კვირამდე დამთავრებულ ჭინჭრის ციებას, მწვავე ჭინჭრის ციებას ვუწოდებთ.
თუ პაციენტს დაეწყო ჭინჭრის ციება და მისი ხანგრძლივობა გადასცდა 6 კვირას, მაშინ ჭინჭრის ციება ქრონიკულად კლასიფიცირდება. ქრონიკული ჭინჭრის ციების სიმპტომებიც ზუსტად იგივეა, როგორიც მწვავე ჭინჭრის ციების. მინდა, ვანუგეშო პაციენტები და ვთქვა, რომ ქრონიკული არ ნიშნავს იმას, რომ ეს პრობლემა მათ მუდმივად, მთელი ცხოვრების მანძილზე ექნებათ, რადგან ქრონიკული ჭინჭრის ციების მიმდინარეობაც ინდივიდუალურია და დაახლოებით, რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდეა. მაგალითად, ერთმა ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ ჰქონდა 3 თვე, მეორემ კი – 2 წელი და ა.შ. საშუალოდ, ქრონიკული ჭინჭრის ციების ხანგრძლივობა რამდენიმე თვიდან ერთ წლამდეა, მაგრამ არიან პაციენტები, რომელთაც წლობით უგრძელდებათ აღნიშნული პრობლემა. ქრონიკული ჭინჭრის ციება შესაძლოა ასოცირებული იყოს სხვა დაავადებებთანაც, ანუ უშუალოდ ის დაავადება კი არ იყოს ქრონიკული ჭინჭრის ციების გამომწვევი, არამედ ეს მისი თანაარსებობით იყოს განპირობებული. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ავტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებს 10-ჯერ უფრო მეტი რისკი აქვთ, რომ ურტიკარია აღენიშნოთ. ყურადღებას ვამახვილებთ ასევე ჰელიკობაქტერიით ინფიცირებაზე. თავი და თავი და ერთ-ერთი ძალიან ხშირი ფაქტორი ქრონიკული ჭინჭრის ციების გამწვავების გახლავთ სტრესი. შეიძლება, სტრესი საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ამ სიმპტომების პროვოცირება მოხდეს.
ჭინჭრის ციების მთავარი პრობლემა მისი არაპროგნოზირებადობაა, რადგან ის მოულოდნელად, სპონტანურად ვითარდება. ქრონიკული ჭინჭრის ციება იყოფა ქრონიკულ სპონტანურად და ქრონიკულ ინდუციბელურად. სპონტანური ურტიკარიის დროს, გამონაყარი შენს ნებელობას არ ემორჩილება, თავისით მიდის, თავისით მოდის, არ იცი, როდის დაგატყდება თავს, რაც, რა თქმა უნდა, ცხოვრების ხარისხის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს.
ინდუციბელური ურტიკარია, ნიშნავს იმას, რომ ურტიკარიას თავად ჩვენ ვიწვევთ, ანუ მაგალითად, როცა მოვიფხანეთ კანი და ქავილის შედეგად ჭინჭრის ციებისთვის დამახასიათებელი ელემენტის გაჩენას შევუწყვეთ ხელი ან როცა ვივარჯიშეთ და ორგანიზმის ტემპერატურის მატების შემდეგ, ურტიკარია გამოგვივლინდა. ინდუციბელურ ურტიკარიებს მიეკუთვნება ასევე მზის, სიცივის, ზეწოლის ურტიკარიები. ჭინჭრის ციებას ძალიან ბევრი სახე აქვს და მისი გამომწვევი მიზეზებიც ასევე მრავალმხრივია.
რა არის გამოსავალი?
გამოსავალია ჭინჭრის ციების ეფექტური მართვა. პაციენტს ყოველთვის ვეუბნები, რომ არ უნდა დავნებდეთ, რომ უნდა ვიყოთ ოპტიმისტები და ვმართოთ დაავადება. ქრონიკული ჭინჭრის ციების მართვა პირველ რიგში პაციენტთან ხანგრძლივ კოოპერაციას გულისხმობს. ჩვენ სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ პაციენტს თავისი დაავადების, მისი ხანგრძლივობის შესახებ. ეს არ არის განაჩენი, ჩვენ უნდა მივყვეთ დანიშნულებას და უნდა მივიღოთ მედიკამენტები.
ურტიკარიის მკურნალობა არის საფეხურებრივი. ალერგიის საწინააღმდეგო ახალი თაობის მედიკამენტები წამყვანია დაავადების მკურნალობაში და მათი დოზის მატება ეტაპობრივად, პაციენტის სიმპტომებიდან გამომდინარე ხდება. მკურნალობის სხვადასხვა საფეხურებია – ალერგიის წამლები, სტეროიდები ხანმოკლე კურსით, ბიოლოგიური პრეპარატები, იმუნოსუპრესანტები და ა.შ. აქ მიდგომა არის ინდივიდუალური, გააჩნია, თუ რა სიმძიმის ურტიკარია აქვს პაციენტს, მსუბუქი, საშუალო თუ მძიმე. აუცილებელია, რომ მედიკამენტი ძალიან კარგად იყოს მორგებული პაციენტის კლინიკურ სიმპტომებზე. ექიმმა იმ მედიკამენტების კომბინაცია უნდა შესთავაზოს პაციენტს, რომელიც მის სიმპტომებს 100 %-ით გააკონტროლებს. დანიშნული მედიკამენტები პაციენტმა გარკვეული ხანგრძლივობით, თუ საჭიროა, რამდენიმე თვე და წელიც კი უნდა მიიღოს. მედიკამენტების მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ პაციენტის ცხოვრების ხარისხი არ დაირღვეს.
არ უნდა დავიწყოთ თვით მკურნალობა, ეს ყველაზე უფრო დამღუპველია, რადგან შეიძლება, რომ მედიკამენტის არასწორი დოზირება შეარჩიოთ. მარტივად რომ ვთქვათ, როგორც წნევის წამალს უნდა მორგება, ასევე უნდა ალერგიის წამალსაც. როგორც წნევის წამალი შეიძლება, რომ თვეობით და წლობით დალიოს პაციენტმა, ასეა ალერგიის წამლის შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პაციენტს უსაფრთხო, მინიმალური გვერდითი ეფექტის მქონე წამალი შევთავაზოთ. არის პრეპარატები, რომელთა მიღებაც ორსულებსაც კი შეუძლიათ. ზოგადად, ანტიალერგიული წამლები ხანგრძლივი გამოყენებისთვის არის გამიზნული, თუმცა არის ახალი ჯგუფის გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც არ მეტაბოლიზდება ღვიძლში და კიდე უფრო უსაფრთხოა მათი ხანგრძლივად გამოყენება. რა თქმა უნდა, პერსონიფიცირებულ მიდგომას ამ დაავადების დასამარცხებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მე ცალსახად შემიძლია ვუთხრა ჩვენს პაციენტებს, რომ უმრავლესობას ჭინჭრის ციება თვეების შემდეგ გასდის, თუმცა არიან პაციენტები, რომელთაც ეს პრობლემა რამდენიმე წელი უგრძელდებათ. სწორი და ეფექტური მართვა ჭინჭრის ციების მკურნალობის ქვაკუთხედია.
ჩვენი კლინიკა ერთადერთი სერტიფიცირებული ცენტრია და ჩვენი მიდგომა, მკურნალობა და სქემა აბსოლუტურ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან.