პროექტები, რომლებიც სწორად მიაჩნდა გამუდმებით იბლოკებოდა – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გადამდგარი ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია საუბრობს, რომელიც ასევე ამბობს, რომ მას წასვლის შესახებ განცხადება არ დაუწერია, შესაბამისად გათავისუფლებულია და არა გადამგდარი.
მისი თქმით, არასწორ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებოდა და ამის გამო, მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან კონფლიქტი ჰქონდა.
ქობულიას განცხადებით, მან საბოლოოდ ვერ ისწავლა “თამაშის წესები”, რაც მის მიერ თანამდებობის დატოვების ერთ-ერთი საბაბიც გახდა.
დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ამ თამაშში მიიღებოდა გადაწყვეტილებები, რომლებიც მისი შეფასებით ნამდვილად არ იყო საკეთილდღეო, სწორი პროექტების განხორციელება კი ყოვნდებოდა.
“მე არც დღეს და არც მომავალში დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ. მე არ მგონია, რომ ეს კორექტული და პროფესიონალური იქნება ჩემი მხრიდან. ამასთან, ზოგადად უნდა ვთქვა, რომ იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც ეკონომიკურად სარებლის მომტანი არ იყო, ასევე დამაზიანებელი იყო პოლიტიკურადაც. ასეთი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მიუღებელი იყო ჩემთვის. ქართულად როგორც იტყვიან, საკუთარ ფეხში ვისროდით და ეს იყო რა თქმა უნდა, კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი. ასევე, იყო მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც მე მართებულად მიმაჩნდა და რომელთა მიღებაც მიჭირდა, იმიტომ რომ არ მქონდა საკმარისი მხარდაჭერა,”- ამბობს ქობულია “Forbes-ის კვირასთან” ინტერვიუში.
ინტერვიუში გიორგი ქობულია ამბობს, რომ მას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სთხოვდნენ რომ თანამდებობდა დაეტოვებინა, რა პერიოდშიც ის ცდილობდა პარტიის მმართველი გუნდი საკუთარი ეკონომიკური ხედვის სისწორეში დაერწმუნებინა, რაც ვერ შეძლო.