ეკონომიკის სამინისტრო ჟანგბადის მწარმოებელ 13 გენერატორს შეისყიდის – შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ვრცელდება, საიდანაც ასევე ირკვევა, რომ პროექტზე სამინისტრო 1.5 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს.
„ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდამ გამოიწვია ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა მნიშვნელოვანი მატება. გაუარესებულმა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ დააყენა რიგი სამედიცინო დაწესებულებებისთვის, უმოკლეს ვადებში, მძიმე ავადმყოფებისთვის აუცილებელი მომსახურების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საჭირო აღჭურვილობის შესყიდვის აუცილებლობა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 აგვისტოს N1526 განკარგულების საფუძველზე უნდა უზრუნველყოს თხევადი ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო აირგენერატორ(ებ)ის (ჟანგბადის მწარმოებელი გენერატორი, კომპრესორი, თანმდევი ნაწილებით) და თანმდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა და მისი გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებებისათვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე“, – წერია ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, შესყიდული აირგენერატორებით ყოველდღიურად 28 ტონა ჟანგბადი უნდა დამზადდეს, რაც კოვიდპაციენტებზე გადანაწილდება.
