LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა კურორტ მენჯის განვითარებას გეგმავს

1173

მთავრობა კურორტ მენჯის აღორძინებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა სენაკში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ”ფორტუნას” სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, კურორტის განვითარება მართლაც იგეგმება, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტული ინვესტორი არ ჩანს.

როგორც გამგეობაში განაცხადეს, ბალნეოლოგიური კურორტით ჩინური საინვესტიციო ჯგუფი იყო დაინტერესებული, რომელმაც კურორტის განვითარების კონცეფციაც მოამზადა და სახელმწიფოსთან მემორანდუმიც გააფორმა, რაც 200 მლნ ლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა. ამის მიუხედავად, საქმე წინ არ წასულა.

”სავარაუდოდ, ინვესტორს თავად შეექმნა რაღაც პრობლემები, რის გამოც პროექტი, რომელიც სამი წელია მუშავდება, არ განხორციელებულა. სახელმწიფო დაინტერესებულია კურორტის განვითარებით, მაგრამ ჯერჯერობით, ხელშესახები არაფერი გვაქვს” – განუცხადეს ”ფორტუნას” სენაკის მუნიციპალიტეტეის გამგეობაში.menki

ჩინური საინვესტიციო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი ბალნეოლოგიური კურორტის რეაბილიტაციას, სასტუმრო-კომპლექსის და საცხოვრებელი კოტეჯების მშენებლობას ითვალისწინებდა.

”ფაქტობრივად, ეს კურორტი თავიდან უნდა აშენებულიყო” – განაცხადეს გამგეობაში.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის კურორტის ტერიტორიაზე ძველი სანატორიუმის შენობაა, სადაც დევნილები ცხოვრობენ.

ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცივის ხეობაში მდებარეობს. ძირითადი სამკურნალო საშუალება გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალია, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადებების დროს. მენჯში მდებარეობს სანატორიუმი, სანატორიუმის ტიპის რკინიგზის საავადმყოფო, საკურორტო პოლიკლინიკა. სეზონი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g