ივანიშვილმაც ხელი ბანკებისკენ გაიშვირა გუშინ, ყველაზე მომგებიანი თემაა პოლიტიკურად. იგივეს აკეთებენ სისტემატიურად სააკაშვილი და ნათელაშვილი,” – ამის შესახებ “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ჯაფარიძე განმარტავს, სად ხედავს პრობლემას და რაში ესახება გამოსავალი.
როგორც პოლიტიკოსი წერს, 2007 წლამდე ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან შემოსავლები კომერციულ ბანკებში 2-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან, თუმცა, ახლა პირიქითაა.
“ამას შეიძლება უძახო ‘ჭარბვალიანობა’, თუმცა, სინამდვილეში ეს ნიშნავს რომ ამ პერიოდის განმავლობაში სულ უფრო მეტმა ამ ქვეყნის მოქალაქემ შესძლო ბანკების მიერ დაყენებული ფილტრის (შემოსავლის დადასტურება, საგარანტოდ ქონების გამოყენება და სხვა) გავლა,”– წერს ზურაბ ჯაფარიძე.
მისივე თქმით, ამით ბანკები სარგებლობენ და ლობირებენ რეგულაციებს, რომლებიც მისი განმარტებით, ვითომ მიმართულია მოსახლეობის კეთილდღეობისკენ, სინამდვილეში კი, ასეთი რეგულაციებით ბაზრიდან დევნიან პატარა მოთამაშეებს და ზრდიან საკუთარ მოგებას.
ამ კუთხით ზურაბ ჯაფარიძეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართულებით დაწესებული რეგულაციები მოჰყავს, რომელიც ამ ორგანიზაციების მუშაობაზე მწვავედ აისახა. ჯაფარიძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციების შედეგიც სწორედ ეს იქნება.
“რეგულაციების გამო მიკროსაფინანსოების სესხები 2017-ში, 2016-თან შედარებით შემცირდა თითქმის მილიარდით. სად წავიდა ეს ხალხი? ცხადია ბანკებს მიადგებოდნენ. ახალი რეგულაციების შედეგიც იგივე იქნება. რეგულაცია არის ხარჯი. პატარა მოთამაშეებს ეს ხარჯი ანგრევს. მსხვილი ბანკები ასეთ ხარჯს იტანენ და ბაზარზე მარტო რჩებიან,”- წერს ზურაბ ჯაფარიძე.
“% რატომ არ იწევს როცა ამხელა მოგებაზე მუშაობენ? % იწევს ნელ-ნელა, ბევრი წელია უკვე. მაგრამ %, იგივე ფულის ფასი არ არის დამოკიდებული მოგების მოცულობაზე. ის დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. და სანამ არსებობს სესხზე მოთხოვნა არსებულ ფასში, %-ს ბანკი არ დაწევს,”– აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძე ბანკების არაპროფილურ საქმიანობასთან დაკავშირებითაც საუბარობს და აღნიშნავს, რომ ამას გარკვეულწილად რეგულაციები და კონკურენციის ნაკლებობაც ხელს უწყობს. პოლიტიკოსი საპენსიო რეფორმაზეც საუბარობს, რომელიც მსხვილ ბანკებს მილიარდებს აძლევს.
“ის რომ კომპანიებს უწევთ ბანკებისთვის საკუთარი შიდა სამზარეულოს სრულად ჩვენება, რითიც შემდეგ სარგებლობენ ბანკები და შედიან ბიზნესის სხვადასხვა სფეროებში (მშენებლობა, ჯანდაცვა, დაზღვევა, ლუდი! და ა.შ.), ასევე გამოწვეულია ბანკების გაბლატავებული მდგომარეობით და კონკურენციის ნაკლებობით, რაც თავის მხრივ გამოწვეულია რეგულაციებითა და ბანკების მხრიდან საკუთარი ინტერესების წარმატებული პოლიტიკური ლობირებით (უცხოური ბანკების აქ ვერ გახარებასაც, HSBC იყო თუ სოსიეტე ჯენერალი, სავარაუდოდ იგივე საფუძვლები აქვს)
ანუ, პრობლემა არის ის რომ წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფლების პირობებში, ბანკებმა მთავრობებთან ალიანსით მოახერხეს ბაზარზე ისეთი დომინანტური პოზიციის მოპოვება რომ ახლა არიან ზეგაბლატავებული – მეტიც, პრაქტიკულად აშანტაჟებენ სახელმწიფოს, რადგან თუ მათ პრობლემა შეექმნებათ, ეს ჩამოშლის არა მხოლოდ ფინანსურ სექტორს, არამედ მთელს ეკონომიკას (რაც ახლოსაა სიმართლესთან)
გამოსავალი?
გამოსავალი არის მეტი კონკურენცია! ბაზრის გათავისუფლება და ახალი მოთამაშეების მარტივად დაშვება ბაზარზე, მათ შორის უცხოური მოთამაშეებისაც. ნებისმიერი მცდელობა ბანკების შეზღუდვის ახალი რეგულაციებით, დასრულდება ამ ბანკების კიდევ უფრო გაძლიერებით და მათი მოგების კიდევ უფრო გაზრდით!
ამ დროს რას აკეთებს მთავრობა?
არა მხოლოდ იღებს ახალ რეგულაციებს, არამედ აკანონებს სავალდებულო დაგროვებით პენსიას და სახელმწიფო საპენსიო ფონდის მილიარდებს ახუტებს მსხვილ ბანკებს. აი, ამის მერე ნახეთ ბანკების თავგასულობა!
ძალიან რთულია ამის გააზრება? კომაროვის ატესტატია საჭირო?”– წერს ზურაბ ჯაფარიძე.