LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაციასთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული

109

მთავრობის ადმინისტრაციასთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. შენობასთან მისასველ გზებთან პოლიციაა მობილიზებული. ქუჩებზე დგას დამცავი ჯებირები და ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა ნეოფაშისტური ჯგუფების მუქარის გამო, ლგბტ თემის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა დაანონსებული აქცია გააუქმეს.

მიუხედავად ამისა, მოქალაქეების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიას და ტრანსფობიას მაინც გააპროტესტებს, თუმცა იქ ადამიანები საკუთარი გადაწყვეტილებით მიდიან.

ისინი ამბობენ, რომ მუქარის მიუხედავად, მათ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება უნდა მიეცეთ და ამაზე სამართალდამცველებმა უნდა იზრუნონ.

აქციაზე „თანასწორობის მოძრაობის“ წევრებიც მივლენ, თუმცა არა როგორც აქციის ორგანიზატორები, არამედ, როგორც რიგითი მოქალაქეები.

„დღეს 19:00 საათზე ვაპირებ, რომ მივიდე, როგორც ნინო ბოლქვაძე ამ სახელმწიფოს თავისუფალი, სრულუფლებიანი, სხვებთან თანასწორი მოქალაქე და გავაპროტესტო საქართველოში ფაშიზმის მიმდინარეობა, რომელიც თვალნათელი გახდა წელს,“- განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გასაპროტესტებლად კანცელარიასთან მისვლის გადაწყვეტილება გუშინვე მიიღო ორგანიზაციის წევრმა, ანი სუბელიანმა.

აქციაზე მისვლას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ნინია კაკაბაძეც აპირებს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებას გეგმავენ “ქართული იდეის“ წარმომადგენლებიც. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი აცხადებს, „ქართული იდეის“ წევრები და მათი მომხრეები ადმინისტრაციასთან პრევენციის მიზნით შეიკრიბებიან.

მისი თქმით, ლგბტ თემის წარმომადგენლების გუშინდელი განცხადება ერთგვარი პასუხისმგებლობის მოხსნა იყო. კორკოტაშვილი ფიქრობს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შესაძლოა, მაინც შეიკრიბონ.

magti 5g