2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა, შესაძლოა, არსებული სახით დაამტკიცოს და ცვლილებები, რომელშიც მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები იქნება ასახული, მასში მოგვიანებით განხორციელდეს, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ, გააკეთა.
მისივე თქმით, თავდაპირველად მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში უნდა აისახოს, სახელმწიფო ბიუჯეტის ბოლო ვარიანტი პარლამენტში კი 1-ელი დეკემბრიდან უნდა შევიდეს.
“თუკი ეს ვერ მოესწრება, ჯერ ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდება და შემდეგ შევა შესაბამისი ცვლილებები მთავარ ფინანსურ დოკუმენტში,”- განაცხადა კვიჟინაძემ.
ბიუჯეტის მიღების ბოლო ვადა პარლამენტს დეკემბრის მესამე პარასკევამდე აქვს.