ამ წუთებში პრემიერ-მინისტი მამუკა ბახტაძე პარლამენტის წინ მივიდა. რადიო „ფორტუნას“ კორესპონდენტის- თაკო ივანიაძის ინფორმაციით, მან 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ადგილზე იმყოფებიან მთავრობის სხვა წევრებიც. მამუკა ბახტაძემ თავისუფლებისთვის მებრძოლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მუდამ უნდა გვახსოვდეს ის იდეალები, რამაც ეს ხალხი გააერთიანა.
გარდა ამისა, როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, პარლამენტთან მოქალაქეები მიდიან და 30 წლის წინ მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულებს იხსენებენ.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.