მთაწმინდის პარკში ატრაქციონის დემონტაჟს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც გარდაცვლილთან ერთად ე.წ. „ეშმაკის ბორბლის“ დემონტაჟში მონაწილეობდა.
დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მთაწმინდის პარკის დირექტორის, გელა დიღმელაშვილის თქმით, აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს. უსაფრთხოების ნორმების დაცულობასთან დაკავშირებით, დიღმელაშვილი კომენტარს ვერ აკეთებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მთაწმინდის პარკში სამუშაოებს კერძო კომპანია “კანო” ატარებს.