23 თებერვალს, რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერის სტუმარი ჟურნალისტი და პროდიუსერი ნიკოლოზ ხაჩიძე გახლდათ, რომელმაც მსმენელს თავისი დილის რუტინა გაუზიარა.
-ნიკა, როგორი განწყობით დაიწყე დღე?
-კარგი, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ „ღამის პრაიმ თაიმის“ ჩაწერა იყო და გვიან მომიწია სახლში დაბრუნება, მაინც ადრე დავიწყე დღე, რადგან ხვალ უკვე ჩემი მეორე გადაცემის „სხვა კითხვების“ ჩაწერა მაქვს და ამისთვის ვემზადები.
-2022 წელი ძალიან აქტიურად დაიწყო შენთვის…
-კი, ნამდვილად ძალიან აქტიურად დაიწყო, ახალი სამსახურებით.
-22.02.22 სურვილების ჩაფიქრების დღე იყო. მაინტერესებს, შენ თუ გჯერა ამ მაგიური თარიღის და თუ ჩაიფიქრე სურვილი?
-კი, ჩავიფიქრე. ეს თარიღი, როგორც აგვიხსნეს ძალიან იშვიათია, საუკუნეებში ერთხელ დგება. მთელი დღის მანძილზე მახსოვდა, რომ ჯადოსნური დღე იყო და სულ ერთი სურვილი მიტრიალებდა გონებაში. ვცდილობდი კარგი განწყობა შემექმნა და დადებითი ენერგია გამევრცელებინა, რომელიც აუცილებლად დამიბრუნდება უკან
-რომელ საათზე იწყება შენი დილა?
-მაქსიმუმ 10 საათამდე უნდა გავიღვიძო. ჩემთვის დილა დღის ყველაზე საყვარელი მონაკვეთია. ხომ არის, რომ ვიღაცას წვიმა არ უყვარს, ვიღაცას ქარი და ეს მათ განწყობაზე მოქმედებს, მე არასდროს ვუყურებ როგორი ამინდია, არასდროს აქვს გავლენა ჩემს ხასიათზე. დილიდან ჩემს გეგმას გადავხედავ ხოლმე, რომელიც წინა დღეს უკვე შედგენილი მაქვს და მობილიზაციას ვუკეთებ თავს, რომ ის ენერგია, რომელიც კარგი გამოძინების შედეგად მივიღე, სწორი მიმართულებით, შედეგიანად გამოვიყენო.
-შენი რესპონდენტებიდან ვის გამოარჩევდი, ვინ იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?
–ბევრი ასეთი სტუმარი იყო, მიჭირს გამორჩევა. ყოველთვის საინტერესოდ მოსაუბრე სტუმრებს ვარჩევ და არასდროს მიცრუებენ იმედს. ნანი ბრეგვაძე შემიძლია გამოვარჩიო სიმბოლურად, იმ ნიშნით, რომ ჩემი გადაცემის პირველი სტუმარი იყო და ეთერიც ძალიან საინტერესო შედგა.
-რომელ ცნობილ ადამიანს ისურვებდი რესპონდენტად ?
-დიდი სიამოვნებით ჩავწერდი გადაცემას ჩემს უცხოელ კოლეგებთან, რომელთაც მსგავსი ტიპის გადაცემები მიჰყავთ.
გადაცემის ჩანაწერი