კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში, ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედრის აღმოჩენას და რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა დღეს, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბუჩაში მომხდარი დიდი ტრაგედიაა და ქედს იხრის ყველა დაღუპულის წინაშე. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა მთელი ეს პერიოდი გამარჯვებისთვის ემზადება, საქართველოს კი ამზადებენ კაპიტულაციისთვის.
„ბუჩა არის წყნეთისხელა ადგილი, წყნეთის მსგავსი ადგილი, რომელიც არის კიევის გარეუბანი, ეს ველურები შეესივნენ და დახოცეს იქაც, ირპენშიც, უამრავი ადამიანი.
მთელი ეს პერიოდი უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩაბარებისთვის. ლოზუნგით: „აბა, ომი ხომ არ გინდათ?!“ მინდა მათ ვუთხრა, ვინც ამ ლოზუნგს ჭამს, მეგობრებო, ომი და უბედურება მას შემდეგ დაიწყება, როცა ჩაგვაბარებენ. 2008 წელში მე გადავარჩინე თბილისი ამ ტრაგედიას, იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო გვერდით დაგვიდგა.
ბუჩა ჩაბარებული იყო იმ გაგებით, რომ ოკუპირებული იყო. ბუჩაში ის ხალხი, ვისაც ხელები გაუკოჭეს და ვინც დახოცეს, ყელი გამოჭრეს, ტყვია ესროლეს, იმ ხალხს არ ჰქონდა წინააღმდეგობის თავდაპირველი სურვილი. ის ხალხი უბრალოდ დახოცეს, იმიტომ, რომ როცა ოკუპანტი შემოდის, ის მერე იწყებს სისხლის ღვრასა და ხოცვას.
თუ საქართველოს ჩააბარებენ, რუსები, რომლებიც შემოვლენ აქ, თბილისში, მათ ჩვენ ვეზიზღებით და მაშინ დაერევიან მოსახლეობას, მაშინ დახოცავენ ხალხს, მაშინ დაეპატრონებიან ჩვენს ქონებას, მაშინ გაანადგურებენ ქართველ ერს. ის, ვინც დღეს კაპიტულაციაზე ლაპარაკობს, ჩაბარებაზე ლაპარაკობს, ის ხალხია, ვინც გვამზადებს ძალიან დიდი სისხლის აბაზანებისთვის. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაცნობიერებული გვქონდეს. ჩვენ არ ვართ მოღალატეების ერი, ჩვენ ვართ მებრძოლი ერი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
არსად აღარ იღებენ ჩვენს მთავრობას და აქაც ჩამოდიან ჩემს საკითხზე, ეს არის რეალობა – სააკაშვილი