LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი”- შალვა პაპუაშვილი უჩა აბაშიძეზე

219
შალვა პაპუაშვილი უჩა აბაშიძე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამხედრო ბლოგერ, უჩა აბაშიძის დაკავებას „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

მისი თქმით „მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი. ასეთი პროპაგანდის დონე, რომელიც გუშინ ვიხილეთ „ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სოციალურ ქსელში, რომ არასერიოზულად აქციონ საკითხი, აჩვენებს, რამდენად მოტივირებულები არიან სიყალბის გავრცელებისკენ”.

„უჩა აბაშიძე ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებს“ – ომბუდსმენის რწმუნებულებმა გასულ ღამეს დაკავებულები მოინახულეს

პაპუაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განმარტა, თუ რის საფუძველზე დააკავეს უჩა აბაშიძე.

„ნახეთ, რომ გუშინ დაკავება მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რის საფუძველზე მოხდა – იარაღის, თუ საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვის საკითხი, თუმცა ვიცით სხვა საკითხთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება. არ ვიცი, რა დავარქვა, მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი. ასეთი პროპაგანდის დონე, რომელიც გუშინ ვიხილეთ „ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სოციალურ ქსელში, რომ ასე არასერიოზულად აქციონ საკითხი, მგონი, აჩვენებს, რამდენად მოტივირებულები არიან სიყალბის გავრცელებისკენ, მათ შორის, ზოგიერთმა არ მიიღოს რეალობა“- აღნიშნა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან დედაქალაქში, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციებზეც ისაუბრა:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდა, საუკეთესო სტანდარტებზე მეტად, მათ შორის, აქციის მონაწილეების დაცვის მხრივ, ჟურნალისტების დაცვის მხრივ. შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა კიდეც, რომ როდესაც პარლამენტზე ძალადობრივი თავდასხმა იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, მომენტი იყო დამდგარი, როდესაც შეეძლოთ რეზინის ტყვიების გამოყენება და არ გამოიყენა პოლიციამ. უფრთხილდება იმ მდგომარეობას, რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ, ვიცით, რა, თუ რა ძალები დგანან ამის უკან, რომლებიც, საერთო ჯამში, მარიონეტად იყენებენ აქციის მონაწილეებს, ძალადობისკენ მიჰყავთ“- აღნიშნა პაპუაშვილმა.

პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს – რას აცხადებს ადვოკატი

ცნობისათვის, სამხედრო ბლოგერი და აიტი ტექნოლოგიების სპეციალისტი, უჩა აბაშიძე სამართალდამცველებმა გუშინ, რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ საკუთარ სახლში დააკავეს.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები