თეთრმა კროსოვერმა Tesla Model Y დეტროიტის ერთ–ერთ გზაჯვარედინზე შუქნიშნის წითელი შუქი არაფრად ჩააგდო და მთელი სიჩქარით მიმავალი სატვირთოს შეასკდა.
როგორც გამოცემა Automotive News იუწყება, შემთხვევა შუა ღამით 3:20 საათზე მოხდა. კროსოვერი სატვირთოს საბურავების ქვეშ აღმოჩნდა და ფურგონმა ის გაჩერებამდე რამდენიმე მეტრი ათრია. საბედნიეროდ, ორივე მძღოლი ცოცხალი გადარჩა, 21 წლის მგზავრი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია და მის გადარჩენას ამჟამად ექიმები ცდილობენ. ამერიკელ პოლიციელთა ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი შუქნიშნის სიგნალის უგულებელყოფა და სიჩქარის გადაჭარბება გახდა.
გარდა ამისა, „ტესლას“ მძღოლს მართვის მოწმობაც ჩამორთმეული ჰქონდა და პასუხის გება ამის გამო ნამდვილად მოუწევს.
სამართალდამცავები იმის დადგენასაც ცდილობენ, ჩართული იყო თუ არა ავტოპილოტი და ის ხომ არ გახდა ყველაფრის მიზეზი. ეს ფაქტი მძღოლის ბრალეულობაზე დიდ გავლენას იქონიებს.