1-ელ დეკემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ გიორგი ცხადაძე სტუმრობდა, რომელმაც თავის მუსიკალურ და სამსახიობო კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში გიორგის და ნუცა თოფურიას ახალი სიმღერის „წვიმს“ პრემიერა შედგა.
გიორგი, ვისაუბროთ შენს ბენდზე.
ესენი არიან ადამიანები, ვისაც უყვართ მუსიკა, ექსპერიმენტი და მეც მათთან ერთად ვგიჟდები ხოლმე რაღაც-რაღაცებში. 5 წელი შესრულდა, რაც ერთად ვართ, ერთად ვაკეთებთ თითქმის ყველა სიმღერას და გვერდით ვუდგავართ ერთმანეთს.
როგორ გაქვთ გაწერილი დეკემბრის თვე?
მიხარია, რომ ბევრი ღონისძიებაა. ყველაზე მეტად მიხარია რეგიონის კონცერტები, რადგან იქიდან ყოველთვის სხვა ენერგია მომაქვს ხოლმე. გუშინწინ ვიყავით გურიაში, ახლა მივდივართ ქუთაისში, თელავში, ლაგოდეხში… მიდის მოლაპარაკებები სამეგრელოსთან დაკავშირებით. ახალ წელს კახეთში, ერთ-ერთ დიდ სასტუმროში ვიქნებით. ბევრია ღია კონცერტიც.
თქვენს ერთობლივ პროგრამაში თუ გაქვთ ახალი სიმღერები?
ვაკეთებთ ახალ სიმღერებს. ყოველ კონცერტზე სხვადასხვა პროგრამა ფიზიკურად ვერ გექნება, მაგრამ ვცდილობთ, რომ რაღაც პატარა სიახლე ყოველთვის იყოს.
ვისაუბროთ თეატრზეც. ვიცი, რომ ძალიან საინტერესო პრემიერა გაქვთ, ვგულისხმობ სპექტაკლს „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“.
გული მიჩუყდება ხოლმე, ამ სახელს რომ ვიგებ. ყოველთვის მაკავშირებდა რაღაც ამ პიესასთან. იყო მიშა ბუკიას საოცარი დადგმა, რომელიც მე ჩანაწერით მაქვს ნანახი. ეს იყო ამბავი, რომელზეც ჩვენი მშობლების თაობა საუბრობდა. დაახლოებით 40 წლის წინ გათამაშდა ეს სპექტაკლი, მოიარა საქართველოში ყველა თეატრალური სეზონი, ძალიან პოპულარული იყო. გადაწყდა, რომ ჩვენთან, თეატრში გაგვეცოცხლებინა ეს სპექტაკლი. ირაკლი გოგიას, ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელის იდეა იყო, რომ გვყოლოდა ერთი ისეთი გოგო, რომელიც თან კარგად იმღერებდა და რომელსაც კარგი სამსახიობო მონაცემებიც ექნებოდა და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს ნუცა თოფურია ყოფილიყო. რადგან ორივეს გვიყვარს სიმღერა, გადავწყვიტეთ, რომ ამ სპექტაკლში რამდენიმე სიმღერა ჩაგვესვა. ეს სიმღერა, რომელსაც დღეს დავაპრემიერებთ სამხატვრო ხელმძღვანელის იდეა იყო და ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა სპექტაკლის ერთ-ერთი დიდი საკვანძო ნაწილი გახდა. 4 სპექტაკლი უკვე ვითამაშეთ და ძალიან შეუყვარდა ხალხს. დეკემბერში უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია.
ვისაუბროთ სიმღერაზე „წვიმს“.
ეს სიმღერა საახალწლო ეთერში ნინიძეების ოჯახმა შეასრულა და რაღაც საოცარი ჩანაწერია. ამჯერად ჩვენ რაღაც ჩვენეული ვერსია გავაკეთეთ. სიმღერა ჩემთან, სახლში ჩაიწერა. მთელი სული და გული ჩაიდო ამ ერთ პატარა სიმღერაში და იმედია, რომ მსმენელი შეიყვარებს. ჩემთვის ძალიან ძვირფასი გახდა.
გიორგი ცხადაძე & ნუცა თოფურია – წვიმს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი ცხადაძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები