თბილისის და ზოგადად თითქმის მთელი საქართველოს ერთ-ერთ დიდ და გადაუჭრელ პრობლემად იქცა მიუსაფარი ცხოველები და, პირველ რიგში, მიუსაფარი ძაღლები. მათ შეხვდებით ყველგან – დედაქალაქის ცენტრალურ უბნებსა თუ რაიონებსა და ავტოტრასებზე. სპეციალისტთა შეფასებით, თბილისში ყველაზე მეტი უპატრონო ძაღლია ევროპის მასშტაბით. საზოგადოებაც უკვე შეეჩვია ამ მოცემულობას. მეტიც, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანები თავად აპურებენ ძაღლებს, მიიჩვევენ საცხოვრებლ ადგილებთან, რაც სხვა მობინადრეების გაღიზიანებას იწვევს. ტურისტებიც კი აჭმევენ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს დისკომფორტს უქმნის, მეორე მხარე ცხოველთა უფლებების დაცვაზე საუბრობს.
ეს აჩენს მთელ რიგ პრობლემებს და მათ შორის ერთ-ერთია ძაღლის ფეკალიები. ცხადია ოთხფეხა მეგობრები საპირფარეშოებში ვერ ივლიან და სავსეა ქუჩები ძაღლების ესკრემენტებით.
მოკლედ, ფაქტი ფაქტად რჩება – თბილისში ძალიან, ძალიან ბევრი ძაღლია და ასე სამუდამოდ ვერ გაგრძელდება.
თბილისი ძაღლების ქალაქი
ძაღლები არიან აბსოლუტურად ყველა უბანში და ყველგან -საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, მაღაზიებში, კაფე-რესტორნებში, თეატრებთან, ტროტუარებზე, სათამაშო მოედნებზე, სკოლებთან, ბაღებთან, სადარბაზოებთან, მეტროში (რა უნდა მეტროში ლომისტოლა ძაღლებს), ზოგჯერ ავტობუსშიც ასულან, სეირნობენ… მოკლედ არიან ყველგან, სადაც კი ადამიანს ფეხი დაუდგამს.
თან არიან ძალიან ბევრი… ხშირ შემთხვევაში იცავენ საკუთარ ტერიტორიას და უცხო ძაღლს არ აკარებენ. ეს კი ნიშნავს, რომ ყეფა-ყეფით ჯგროდ ეცემიან დაუპატიჟებელ სტუმარს და ამ დროს გვერდით მიდიან ბავშვები, ასაკოვანი ხალხი, თუნდაც ახალგაზრდები და ბევრს მინიმუმ არ სიამოვნებს, ან სულაც ეშინიათ.
ზამთარი ხომ ცალკე გამოწვევაა: შიათ, სცივათ და აგრესიაც ემატებათ.
მოკლედ, არ არსებობს უბანი, ქუჩა, სულ მცირე 50-100 მეტრიანი მონაკვეთიც კი, სადაც მშვიდად გაივლი და იცი, რომ ძაღლ(ებ)ი არ შემოგხვდება.
თბილისის „მზის და ვარდების მხარეო“-ს სტატუსს წყალი შეუდგა – ის უფრო „ძაღლების მხარეო“ – გახდა.

პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება
გიორგი კობიაშვილი
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი
დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა ნამდვილად არ არის, როგორიც გვინდა რომ იყოს. თბილისში მიუსაფარი ცხოველების მაღალი როდენობაა. ბოლო მონაცემებით, წელიწადნახევრის წინ დედაქალაქში 30 ათასი იყო. გეგმა დაიწერა, სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ნულამდე დაყვანა მოხდება. მიზანი სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. მოხდება ცხოველების გადაყვანა და დაბრუნდებიან მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხო ცხოველები. ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება. თუმცა ამავე დროს სხვა ქალაქებშიც იგივე უნდა მოხდეს, რათა მიგრაცია შეჩერდეს. რეგიონებთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ და რითაც შეგვიძლია ხელს ვუწყობთ.
ისე კი, პოპულაციის მართვის პროექტები მიმდინარეობს, გაზრდილია გადაყვანის რაოდენობა. 6 ათასი ოპერაცია ჩატარდა, წელს კი გაორმაგებულს რიცხვს მივიღებთ.
მოკლედ, მიზანია უახლოეს მომავალში საერთოდ გადაიჭრას ეს საკითხი.
ერთის მხრივ, გასაგებია ცხოველების უფლებები, მაგრამ რამდენად საშიში არიან ქუჩაში დარჩენილები?
როდესაც ქუჩაში ამდენი ცხოველია, ბევრ პრობლემას ვაწყდებით, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევებსაც კი. აგრესიული ცხოველი უნდა გადავიყვანოთ, ასევე დავიცავთ დაავადებებისგან. ცხელი ხაზი 24 საათი მუშაობს. მოქალაქემ 112-ზე უნდა დააფიქსიროს შეტყობინება. ასეთ შემთხვევაში სამსახური გადაიყვანს თავშესაფარში, სადაც კინოლოგები აკვირდებიან.
უნდა ითქვას ისიც, რომ ადამიანებმაც არ იციან ცხოველთან სათანადო მოქცევა. ზოგჯერ სწორედ აქედან ხდება აგრესიის ინიცირება. ერთის მხრივ ვატარებთ კამპანიებს, რომ საზოგადოებამაც აიღოს პასუხიხმგებლობა. თუმცა ცხადია, პირველ რიგში, ადამიანის უსაფრთხოებაზეა საუბარი.
ევროპის განვითარებულ დიდ ქალაქებში, სადაც ცხოველების და ზოგადად ყველას და ყველაფრის უფლებები მაღალ დონეზეა, მიუსაფარ ცხოველებს ვერ შევხვდებით. როგორ მოახერხეს მათ ამ პრობლემის არიდება?
პირველი კანონის მიღებაა, რომელიც დაიცავდა შინაური ცხოველის უფლებებს. სანქციები იყო სახლიდან გამოგდებაზე, აღსრულებაც ხდებოდა. გამრავლების წყარო გახლავთ ქუჩაში გამოყრილი ცხოველი.
ასევე უპატრონო მომშენებლები. ისინი ამრავლებენ გაყიდვის მიზნით და ესეც არის ერთ-ერთი მთავარი წყარო.
ევროპაში მეპატრონეებს დაეკისრათ ვალდებულებები. იქ მაღალი ჯარიმებია, პატიმრობაც კი შეიძლება შეეფარდოთ და აღსრულებაც უმაღლეს დონეზეა.
კანონმდებლობა გვჭირდება. პარლამენტიც დაიწყებს მალე ამაზე მუშაობს. უკვე შექმნილია პროექტი, ჩვენი სააგენტო კი მზად არის აღასრულოს. ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისევე როგორც სამთავრობო უწყებებთან.
კი ახსენეთ უახლოეს მომავალშიო, მაგრამ მაინც რამდენი ხანი დაჭირდება ამ პრობლემის აღმოფხვრას?
ცხოველთა თავშესაფარი ვარკეთილშია, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი, სადაც ცხოველები თანაცხოვრებას შეძლებენ. პირობებიც უნდა შეიქმნას, ჩაკეტილი არ უნდა იყოს ცხოველი. უკვე წელს თავშესაფრის დასრულებული ვარიანტი გვექნება.
პრობლემა 2-3 წლიან პერიოდში გადაჭრილი იქნება.
მოკლედ რომ ვთქვათ, გამოსავალი რაშია, ასე ხომ ვერ გაგრძელდება უსასრულოდ?..
კანონპროექტი, უნებართვო გამრავლების შეზღუდვა, მეპატრონეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, მასშტაბური სტერილიზაცია, კასტრაცია – ამ პუნქტებით მივიღებთ იმ შედეგს, რაც გვინდა, რომ იყოს ჩვენს ქუჩებში.

ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც ცხოველების ჩაგვრის ნაცვლად, მზრუნველობაზე უნდა გადავიდეს
სალომე სარიშვილი
ცხოველთა უფლებადამცველი
„მიუსაფარი ცხოველების და განსაკუთრებით, ძაღლების პრობლემა [მოვლა-პატრონობა, აყვანა და ზრუნვა] საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში და ახლაც, კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც პრობლემებზე ვსაუბრობთ, აქ იგულისხმება როგორც სახელმწიფოს, ქვეყნის მესვეურების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ისე სამოქალაქო სექტორის, რომელსაც ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად თავადაც ბევრი რამ შეუძლია და [შესაძლებლობის ფარგლებში – იგულისხმება ფინანსური და ადამიანური რესურსი] აკეთებს კიდევაც, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
განსაკუთრებით დიდი პრობლემაა რეგიონებში, სადაც ქალაქის, სოფლისა თუ ცალკეული უბნების ქუჩები, გზები სავსეა მიუსაფარი ცხოველებით. დედაქალაქში კი წლებია, თბილისის მერიას იმდენი ვერ მოუხერხებია, რომ ყველა ცხოველი მინიმუმ გაასტერილოს, რაც მათ გამრავლებას შეუშლიდა ხელს.
გარდა იმისა, რომ ცხოველთა მოყვარულთათვის ემოციურად და ფიზიკურადაც შეუძლებელია ამ მასშტაბისა და რაოდენობის მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა, სახელმწიფოს არ გააჩნია, არანაირი თავშესაფარი, სადაც ჩვენს ოთხფეხა, ერთგულ მეგობრებზე იზრუნებდა.
სერიოზული პრობლემებია ქალაქის მერიის დაქვემდებარებულ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში, სადაც პრობლემის მოგვარების გზების გამონახვის ნაცვლად, მიუსაფარი ცხოველები მიჰყავთ, ხშირად ვადაგასულ პრეპარატებს უკეთებენ და ისევ უკან, მიკედლებულ ადგილმდებარეობაზე აბრუნებენ, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს სახელმწიფოს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე.
რთულია მოკლედ აღწერო ვითარება, რაკიღა, ქუჩაში მცხოვრები, მიუსაფარი ცხოველების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ხშირად ამას მათი სიცოცხლე ეწირება. განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა სტიქიური პრობლემების წარმოჩენის დროს, როდესაც სულ ახლახან, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის გამო ქვეყანაში უამრავი მიუსაფარი ცხოველი უბრალოდ გაიყინა.
არსებობს კიდევ სხვა ფაქტორის პრობლემებიც – გასაგებია, რომ ცხოველი ყველას ვერ ეყვარება, შესაძლოა რიგი მიზეზების გამო, ფობიაც ჰქონდეთ, რაც იწვევს აგრესიულ ადამიანებს, რომლებიც სრულიად უწყინარ ცხოველებს ერჩიან და საპასუხოდაც აგრესიას იღებენ.
ამდენად, ამ პრობლემაზე სასაუბრო ძალიან ბევრია და ალბათ, მთელი პლატფორმა ვერ დაიტევს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოლიტიკის რეფორმაა, რომელიც ჩვენი მეგობრების ჩაგვრის ნაცვლად, მზრუნველობაზე უნდა გადავიდეს“.

პოპულაციის მართვის ახალი ცენტრი
ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დეკემბრის ბოლოს განაცხადა.
„ცენტრი მზადაა მოემსახუროს დედაქალაქს, 24 საათის განმავლობაში. პროექტი საშუალებას მოგცემს უფრო მეტი ცხოველი გადავიყვანოთ თავშესაფარში სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით, რაც მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ყველაზე ეფექტური და ჰუმანური მეთოდია ქუჩის ბინადარი ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკი, პოსტოპერაციული სივრცე და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ახალი ცენტრი იზოლირებულია არსებული თავშესაფრის შენობისგან და იქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება.

ნუ გეშინია, არ იყეფება
„ფორტუნა“ მოსახლეობასაც გაესაუბრა, რომელთა უმრავლესობა სკეპტიკურად აფასებს ამდენი მიუსაფარი ცხოველის ქუჩაში ყოფნას.
მალხაზი:
„ერთი სიტყვით რომ ვთქვათ – კატასტროფა. კარგია პარკები, სკვერები, ახალი ავტობუსები, მაგრამ სანამ არ მოგვარდება ეს პრობლემა, თბილისი ვერასოდეს გახდება კომფორტული და შემდგარი ქალაქი“.
მარი:
„ვისაც უნდა ყავდეს, მაგრამ ყავდეთ თავისთვის. ნუ გეშინია არ იყეფება, რას ნიშნავს. დაიკავონ თავიანთი ძაღლები მისაბმელით. ნორმალურად ვერ გაგივლია ქუჩაში. ყველა გამოსვლის წინ რაღაც ფათერაკს უნდა ელოდო. მგონია, რომ არასდროს არაფერი ეშველება ამ საქმეს“.
ნანუ:
„ძაღლების უფლებების დაცვა არ ნიშნავს, რომ ისინი ქუჩაში უნდა ეყარონ დამშეულები, ხშირად დაავადებულები და საშიშები საზოგადოებისთვის. აუცილებელია მხოლოდ ერთჯერადი აცრა კი არ უკეთდებოდეს, არამედ სტერლიზაცია-კასტრაცია ჩაუტარდეს, ასე უაზროდ რომ არ მრავლდებოდნენ. ძაღლების და კატების რაოდენობა თბილისის ქუჩებში მალე ადამიანებისას გადააჭარბებს. დღეს ერთ ლოკაციაზე 11 ძაღლი დავითვალე. შეუძლებელია თავისუფლად გავლა. რაც არ უნდა ცხოველთამოყვარული იყო, შიში გიპყრობს“.

რა ხდება ევროპაში
საკანონმდებლო ნორმების დანერგვის წყალობით, ევროპის ქვეყნების ქალაქებსა და დაბებში უსახლკარო ცხოველების შეხვედრა ფაქტობრივად შეუძლებელია.
ბელგიაში უსახლკარო ცხოველებს სპეციალურ თავშესაფრებში ათავსებენ. ასეთ დაწესებულებებს დონორები აფინანსებენ. ქვეყანაში არსებული ყველა ძაღლი ექვემდებარება სავალდებულო მიკროჩიპს.
გერმანიას აქვს მკაცრი წესები. ქვეყანაში ძაღლების მფლობელებს გადასახადი ეკისრებათ. ყოველწლიურად საგადასახადო შემოსავლები დაახლოებით 400 მილიონ ევროს შეადგენს. ამ თანხის ნაწილი ცხოველთა თავშესაფრის ხარჯების დაფარვას ხმარდება. გერმანიაში შინაური ცხოველების რაოდენობა 10 მილიონს აჭარბებს.
ესპანეთში ქუჩებში მაწანწალა ცხოველების პრობლემის გადასაჭრელად მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა, მათ შორის თავშესაფრების მშენებლობა, სავალდებულო სტერილიზაცია და მიკროჩიპების გამოყენება.
საფრანგეთი ევროპაში ყველაზე მეტი შინაური ცხოველის მქონე ქვეყნებს შორისაა. ქვეყნის ქუჩებში უსახლკარო ცხოველები არ არიან. საფრანგეთში 80 მილიონი შინაური ცხოველია. ყოველწლიურად ქვეყანაში 100 ათასამდე ცხოველი მიტოვებული ხდება. ასეთებს თავშესაფრებში ათავსებენ.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ ძაღლების მფლობელები დაავალდებულა, ჩაენერგათ მიკროჩიპები, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ცხოველის შესახებ და მისი პატრონების საკონტაქტო დეტალებს. ბრიტანეთის ოჯახების 53 პროცენტს ჰყავს შინაური ცხოველები.
საბერძნეთში 2021 წელს მიღებული კანონის მიხედვით, შინაური ცხოველების მოვლა მუნიციპალიტეტებს ევალებათ. თუმცა ამ საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებენ მოხალისეები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
იტალიაში ქუჩაში აღმოჩენილ მაწანწალა ცხოველები ჯერ ვეტერინართან მიჰყავთ. სამედიცინო შემოწმების შემდეგ მათ ამოწმებენ ჩიპების არსებობაზე. „უჩიპები“ თავშესაფრებში რჩებიან. თავშესაფრები ფინანსდება რეგიონული ან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
შვეიცარიაში ყველა ძაღლი უნდა იყოს იდენტიფიცირებული მიკროჩიპებით და შეყვანილი მონაცემთა ბაზაში. მსგავსი პრაქტიკა გამოიყენება მაწანწალა კატებზეც.
შვედეთში ძაღლებს აღრიცხავენ და ათავსებენ თავშესაფრებში, რომლებიც ქვეყანაში 1908 წლიდან ფუნქციონირებს. 2001 წელს მიღებული კანონის მიხედვით, ძაღლები მიკროჩიპირებას ექვემდებარება. დღეისათვის თავშესაფრებში თითქმის 200 ათასი ძაღლია.
პოლონეთში უპატრონო ცხოველებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მუნიციპალიტეტებს. სპეციალური ჯგუფი სახელწოდებით “ეკოპატრული” ამოწმებს ნაპოვნ ცხოველს ჩიპზე.

როგორ მოაგვარა ევროპამ უპატრონო ძაღლების პრობლემა
უპატრონო ძაღლების პრობლემა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აქტუალური. ევროპამ ამ საკითხის მოგვარებაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კომპლექსური მიდგომებითა და ეფექტიანი სტრატეგიებით.
სისტემური მიდგომა
ევროპული ქვეყნების უმრავლესობამ შეიმუშავა მკაფიო საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არეგულირებს შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობას. კანონმდებლობა მოიცავს სავალდებულო მიკროჩიპირებას, ვაქცინაციას და რეგისტრაციას. გერმანიის მაგალითზე, ძაღლის მეპატრონე ვალდებულია გადაიხადოს სპეციალური გადასახადი და უზრუნველყოს ცხოველის სათანადო მოვლა.
სტერილიზაციისა და კასტრაციის პროგრამები
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი, რომელმაც მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო, არის მასშტაბური სტერილიზაციისა და კასტრაციის პროგრამები. ნიდერლანდებში ამ პროგრამებმა 85%-ით შეამცირა უპატრონო ძაღლების რაოდენობა ბოლო 15 წლის განმავლობაში.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
ევროპული ქვეყნები დიდ ყურადღებას უთმობენ საზოგადოების განათლებას პასუხისმგებლიანი მფლობელობის საკითხებში. სკოლებში ტარდება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო მედია აქტიურად აშუქებს ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებს.
თავშესაფრების სისტემის განვითარება
თანამედროვე ევროპული თავშესაფრები წარმოადგენს კარგად ორგანიზებულ დაწესებულებებს, სადაც:
უზრუნველყოფილია ცხოველთა სათანადო მოვლა;
ხორციელდება ვეტერინარული მომსახურება;
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა გაშვილებაზე;
არსებობს ფინანსური მხარდაჭერა და რესურსები.
ევროპის გამოცდილება აჩვენებს, რომ უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარება შესაძლებელია კომპლექსური მიდგომით, რომელიც მოიცავს:
მკაცრ საკანონმდებლო რეგულაციებს;
აქტიურ საგანმანათლებლო კამპანიებს;
ეფექტურ სტერილიზაციის პროგრამებს;
სათანადო ფინანსურ მხარდაჭერას.

დასკვნა
სისტემური მიდგომა აუცილებელია წარმატების მისაღწევად და ამასთან საზოგადოების ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გრძელვადიანი სტრატეგია უფრო ეფექტიანია, ვიდრე მოკლევადიანი გადაწყვეტილებები.

ფოტო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
kaladze
დავით ფიფია
dogvision
dutchreview