LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი წელი დაუღალავად ვშრომობდი… ამ პერიოდში ვისწავლე, რომ წარმატებისთვის ბრძოლა რთულია, მაგრამ ყოველთვის გამოიღებს შედეგს…“ – რას ამბობენ მარნეულელი დები ასკეროვები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენაში უმაღლესი შედეგები აიღეს

275
აიდან და ლემან ასკეროვები

მარნეულის მუნიციპალიტეტის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა, დებმა აიდან და ლემან ასკეროვებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენაში უმაღლესი შედეგები აიღეს.

როგორც რადიო „მარნეული“ წერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, აიდან და ლემან ასკეროვები, მაღალი აკადემიური მაჩვენებლებით წარმატებულ აბიტურიენტთა შორის მოხვდნენ.

ლემან ასკეროვამ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 59 ქულა 60-დან, ხოლო ინგლისურ ენაში 51 ქულა 70-დან დააგროვა. აიდან ასკეროვამ ქართულში 57/60, ინგლისურში კი 58/70 ქულა მიიღო.

„ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო, როდესაც შედეგები გავხსენი დასთან და დედასთან ერთად. ორივე დები ვაბარებდით და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი მოლოდინი იყო ოჯახში. მთელი წელი დაუღალავად ვშრომობდი და მიხარია, რომ ასეთი შედეგები ავიღე. თითქმის ერთნაირი ქულები გვაქვს მე და ჩემს დას. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა პედაგოგს, სკოლას და განსაკუთრებით დედას, რომელიც მუდამ გვაძლევდა ძალას. მომავალში სამართლის მიმართულებით გვინდა სწავლა გავაგრძელოთ და ორივე ადვოკატობას ვაპირებთ,“ – ეუბნება რადიო „მარნეულს“ აიდან ასკეროვა.

ლემან ასკეროვა კი ამბობს, რომ ეროვნული გამოცდების შედეგები დედასთან ერთად ნახა:

„შეუდარებელი და უტკბილესი გრძნობა იყო ქულების ნახვა. გამიხარდა, რომ უშედეგოდ არ ჩაიარა შრომამ და უძილო ღამეებმა. ამ პერიოდში ვისწავლე, რომ წარმატებისთვის ბრძოლა რთულია, მაგრამ ყოველთვის გამოიღებს შედეგს. მადლობა მშობლებს, განსაკუთრებით დედას და დას, რადგან ერთმანეთს გვერდში ვედექით. ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პედაგოგებს – ნიკა ბურძენიძეს (ქართული ენა და ლიტერატურა) და ქეთევან გაბაშვილს (ინგლისური ენა) – მათი მხარდაჭერა შეუფასებელია.“ – ამბობს ლემანი. 

magti 5g