LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკვარში ნაგვის გადაყრისთვის დაჯარიმდებით: როგორ ებრძვიან მსოფლიოში მდინარეების დაბინძურებას

581

30 წლის განმავლობაში პირველად, მდინარე მტკვარი იწმინდება. მტკვრის გაწმენდითი სამუშაოები თბილისში, მდინარის მთლიან პერიმეტრზე განხორციელდება. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილის, დავით დოლიძის ინფორმაციით, მტკვარზე ამ მასშტაბის გაწმენდითი სამუშაოები პირველად ტარდება. გაწმენდითი სამუშაოები დაახლოებით ერთ კვირას გაგრძელდება – აღნიშნა დოლიძემ.

„გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება ორთაჭალის ხიდებიდან გლდანის ხიდებამდე. ამ მასშტაბის სამუშაოები პირველად ტარდება და ამის შემდეგ ყოველთვის, როდესაც საჭიროება იქნება, მდინარე გაიწმინდება. რა სიხშირით ჩატარდება გაწმენდითი სამუშაოები ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა არ შეგვიძლია“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ დავით დოლიძე.

 

რას გააკეთებს დასუფთავების ინსპექციის სამსახური

დავით დოლიძე მოქალაქეების მხრიდან მდინარის დაბინძურებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ყოველდღიურად უამრავ ნაგავს ყრიან მდინარეში, ამ ნაგვისგან მდინარის გაწმენდა კი ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის. როგორც დოლიძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, იქმნება დასუფთავების ინსპექციის სამსახური, რომელიც მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების მხრიდან სამართალდარღვევებს შეისწავლის და მდინარეში ნაგვის გადაყრის შემთხვევაში მოქალაქეებს ადმინისტრაციული ჯარიმით, 80 ლარის ოდენობით დააჯარიმებს.

„გარემოს დაცვის სამინისტრო ატარებს გარკვეული სახის სანქციებს, აჯარიმებს მოქალაქეებს მტკვრის დაბინძურების შემთხვევაში. ჩვენი მხრიდანაც იქმნება დასუფთავების ინსპექციის სამსახური, რომელიც სხვადასხვა ადგილებში შეისწავლის სამართალდარღვევებს, მტკვრის სანაპიროზეც აქტიურად იმუშავებს, რომ არ მოხდეს მდინარის დაბინძურება. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი იქნება ადმინისტრაციული ჯარიმა 80 ლარის ოდენობით“ – აცხადებს დავით დოლიძე.

ვინ არის ჩართული მდინარე მტკვრის გაწმენდით სამუშაოებში

მდინარე მტკვრის გაწმენდით სამუშაოებში „თბილსერვისჯგუფის“ გარდა ჩართულები არიან თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და გამწვანებისა საქალაქო სამსახურები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის, ალპინისტები. გაწმენდითი სამუშაოების დროს დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რასაც თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.

 

სუფთა წყლის დღე: მნიშვნელოვანი მდინარეები დაბინძურებულია

მსოფლიოში დასაქმებულ ადამიანთა ნახევარი – 1,5 მილიარდი სწორედ წყალთან დაკავშირებულ სამსახურში მუშაობს და ზოგადად კაცობრიობის არსებობის ყველა სფერო წყალთანაა დაკავშირებული. 22 მარტს ჩვენს პლანეტაზე „სუფთა წყლის დღე“ აღინიშნება, ეს დღე გაერთინებული ერების ორგანიზაციამ 1992 წელს დააფუძნა და მისი მიზანი წყალთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაა და როგორც წესი, ყოველ წელს ფოკუსირება რაიმე ერთ პრობლემაზე ხდება. წელს კი სუფთა წყლის საერთაშორისო დღეს ჰოლანდია უმასპინძლებს და მისი სლოგანი რესურსების სწორად გამოყენება იქნება.

მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი სასმელ წყალს სწორედ მდინარეებიდან და ტბებიდან იღებს. 500 ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარიდან ნახევარზე მეტი დაბიძნურებულია. მაგალითად, შტატების მდინარეების 40% სათევზაოდ თუ საბანაოდ უვარგისია.

ვაშინგტონში სუფთა მდინარეების კოოპერატივი არსებობს

აშშ-ში, კერძოდ ვაშინგტონში „სუფთა მდინარეების კოოპერატივი“ არსებობს. საზოგადოება, რომლის არსებობაც სასიცოცხლოდ აუცილებელია. ორგანიზაცია ყოველ დღე 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მდინარეში საწვავის ჩაღვრას აკონტროლებს. გარდა ამისა, ისინი სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მდინარეებს ასუფთავებენ, საჭირო შემთხვევაში კი რეგულაციებსაც აწესებენ.

პარიზის მსგავსი სისტემა სხვას არავის აქვს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გამორჩეული სისტემა კი პარიზს აქვს. უნიკალური მიწისქვეშა სისტემა ჯერ კიდევ 1370 წლით თარიღდება. ის თავდაპირველად მონმარტის ქვეშ გააშენეს, მოგვიანებით კი მთელ ქალაქი მოიცვა. 1914 წლიდან 1977 წლამდე ეს სისტემა 1000 კმ-ით გააფართოვეს. 1991 წელს კი მერმა ახალი გეგმა დაამტკიცა, რომელზეც 152 მილიონი ევრო იყო გამოყოფილი. მომდევნო ხუთ წელიწადში ფრანგებმა განაახლეს ძველი მილები, სატუმბი სისტემა და უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიებიც დანერგეს. დღეისათვის ეს არის 2,100 კმ-ის სიგრძის გვირაბი, რომელიც სენას დაბინძურებისგან იცავს. აღსანიშნავია, რომ პარიზის მსგავსი სისტემა არც ერთ სხვა ქალაქს არ აქვს.

 

მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული მდინარეები

მისისიპი (აშშ) – მდინარე, რომელშიც ყოველ წელს 12,7 მილიონი ტოქსიკური ნაერთი ხვდება;

ბურიგანგა (ბანგლადეში) – მდინარე, რომელსაც მოსახლეობა სასმელად იყენებდა, იმდენადაა დაბინძურებული, რომ მასში ცოცხალი არსებები ვეღარ ძლებენ;

სარნო (იტალია) – მდინარე 20 წელიწადზე მეტია დაბინძურებულია და მიზეზი კვლავ ქიმიური ნაერთებია;

იორდანია (იორდანია) – როგორც ექსპერტები აფასებენ, ის ადამიანები ვინც წყალს რელიგიური რიტუალისთვის იყენებს – ჯანმრთელობას სერიოზულ რისკს უქმნის;

დაბოლოს, მსოფლიოში ყველაზე მეტად დაბინძურებული მდინარე ინდონეზიაში მდებარე ციტარუმია. ამ მდინარეს მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მას ადგილობრივები სოფლის მეურნეობაში, თუ სასმელად იყენებენ, მისი წყალი კი სხვადასხვა ნარჩენებით იმდენადაა ამოვსებული, რომ რეალურად მდინარის დანახვა რთულიც კია.

 

მსოფლიოში ყველაზე სუფთა მდინარე

ტემზა, მდინარე რომელიც 50 წლის წინ იმდენად იყო დაბინძურებული, რომ ბიოლოგიურად მკვდრადაც კი გამოაცხადეს. მისი დამსახურებით ათასობით ადამიანი გარდაიცვალა. 1960 წლიდან კი მიიღეს ახალი კანონი, რომელიც ქარხნებს მდინარეში ნარჩენების ჩაყრას უკრძალავდა და როგორც ჩანს, ამ მეთოდმა გაამართლა კიდეც.

სინგაპურში მდინარეების წმენდის საგანმანათლებლო პროგრამა შემოიღეს

ვენეციის არხები ძალიან დაბინძურებულია, მათ ზოგჯერ წმენდენ, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. რაც გასაკვირიც არ არის, წყალი პირდაპირ ქუჩაში მოედინება, ქუჩები კი მუდმივად ხალხითაა სავსე და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება ძალიან რთულია. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ დაბინძურებული წყალი ზღვას უერთდება და პრობლემას უფრო მასშტაბურს ხდის.

სინგაპურის მდინარე, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული იყო და მის გაწმენდა 1977 წლიდან დაიწყეს. ეს სამუშაოები ქვეყანას 10 წელი და 170 მილიონი დოლარი დაუჯდა. საინტერესოა, რომ 1987 წლიდან მთავრობამ „მდინარეების წმენდის“ საგანმანათლებლო პროგრამაც კი დაიწყო, რათა საზოგადოების ცნობიერება აემაღლებინა და მომავალში მდინარის დაბინძურება თავიდან აეცილებინა.

რომის მდინარე ტიბრი იმდენადაა დაბინძურებული, რომ მან ფერი შეიცვალა და ნაცრისფერი გახდა. ოფიციალური მონაცემებით, მდინარე ბოლოს 2008 წელს გაწმინდეს, შესაბამისად, ის სხვადასხვა ნარჩენებითაა სავსე.

 

ამსტერდამის ველოსიპედებზე თევზაობა

ამსტერდამი ყველაზე ველოქალაქადაა აღიარებული, ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ მისი არხები სწორედ ველოსიპედებითაა სავსე. ამსტერდამის მოსახლეობა 780 559 ადამიანია, მათ საერთო ჯამში 881 000 ველოსიპედი ყავთ, რაც პატარა ციფრი ნამდვილად არ არის. ამსტერდამს სულ 165 არხი აქვს და მათი სიგრძე 100 კილომეტრს სცილდება, ამიტომ გაწმენდითი სამუშაოები თითქმის ყოველ თვე ტარდება. ადგილობრივები მას ხუმრობით „ველოსიპედებზე თევზაობას“ უწოდებენ და როგორც წესი, თევზაობის ყოველწიური შედეგი 12000-დან 15000 მდე ველოსიპედია.

საერთაშორისო სტანდარტები: როგორ შევინარჩუნოთ მდინარის სისუფთავე

მსოფლიოში არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რომლის მიზანიც მდინარის სისუფთავის შენარჩუნებაა და ისინი არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ თითოეულ მოქალაქეს ეხება. ესენია:

  • გამოყენებული მატერიალის გადამუშავება და მათი მდინარისგან მოშორება, მაგალითად, ისეთის როგორიცაა სიგარეტი, მზესუმზირა, ტკბილეულის შეფუთვა, რადგან მათ დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ.
  • ქიმიური ნაერთების მინიმუმამდე შემცირება. ისინი წყალში მოხვედრისას ეკოსისტემას აზიანებენ და ცოცხალ არსებებს ანადგურებენ.
  • წყლის გამოყენების შემცირება, გარემოზე ყველა ადამიანმა უნდა იზრუნოს და იმდენი წყალი გამოიყენოს რამდენიც ჭირდება. მაგალითად, წვიმის წყალი, ან წყალი, რომელიც ავტომობილის გარეცხვის შემდეგ ქუჩაში იღვრება და თან უამრავ ტოქსინს აგროვებს და შესაძლოა, რაღაც მომენტში მდინარეშიც მოხვდეს. ამიტომ ქუჩების კეთილმოწყობა არანაკლებ მნიშვნელოვანია.
  • გაწმენდითი სამუშაოები, რომელშიც მონაწილეობას მოსახლეობაც მიიღებს და მდინარეს ზედმეტი ნაგავისგან გაათავისუფლებს.

გვანცა ბზიავა
თამარ ქირია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g