„სამწუხაროა, რომ ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომელიც გულწრფელ პოზიციებს გამოხატავს, აიყოლიეს და არასწორი აღქმები შეუქმნეს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რითაც რადიკალები სარგებლობენ. ამ სიტუაციაში, ვხედავთ, რომ მუხტი ნელ-ნელა კლებულობს. ყოველდღიურად ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოდის რუსთაველის გამზირზე, უფრო ნაკლებია, წინა დღეებთან შედარებით“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძემ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ჩრდილში ყოფნისა, რეალურად ეს პროცესი მათ მიერაა მართული.
„ვხედავთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პრევენციულად მოქმედებს. აქციის ორგანიზატორები, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ არ ჩანან, არიან რადიკალური ფრთის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც თითქოს ჩრდილში იმალებიან, მაგრამ რეალურად ეს პროცესები მათ მიერაა მართული.
განსაკუთრებით, ამ მუხტის ვარდნა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც ძალადობაში კონკრეტული პირების მხილება მოხდა და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, რამაც ეს აქციები შედარებით მშვიდობიან და კანონის ფარგლებში გადაიყვანა“, – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში გივი მიქანაძემ.