მუნიციპალური განვითარების ფონდი 28 ახალ სკოლას ააშენებს და 89 სკოლის რეაბილიტაცია მოხდება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, პრემიერის თქმით, 57 მუნიციპალიტეტის სკოლებში ეტაპობრივად ჩატარდება 40 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„განათლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ განათლების ფუნდამენტური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ამ თვალსაზრისით. მოხდა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების შესწავლა და პრიორიტეტების განსაზღვრა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, სკანდინავიური გარემოს დაცვის კორპორაციის მიერ გამოყოლიფი სესხისა და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვითი პარტნიორობის ფარგლებში გამოყოფილი თანხის საფუძველზე, 28 ახალ სკოლას ააშენებს და მოხდება დამატებით 89 სკოლის რეაბილიტაცია. ჯამში გათვალისწინებულია 50 მლნ ლარის სამუშაოების შესრულება. ცალკე მინდა შევეხო სკოლებში სხვა სარეაბილიტაციოო სამუშაოების ჩატარებასაც. ჩვენ გავაორმაგეთ თანხები მუნიციპალიტეტებისთვის, რაც არის მიზნობრივი ტრანსფერი. 57 მუნიციპალიტეტის სკოლებში ეტაპობრივად ჩატარდება 40 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მნიშვნელოვანია, რომ მოხდა ამ სამუშაოების როგორც დაგეგმვის, ასევე განხორციელების უფლების გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, რაც ხაზს უსვამს იმ პოლიტიკას, რასაც ამ თვალსაზრისით ვახორციელებთ. მიგვაჩნია, რომ ადგილზე უკეთესად იციან სკოლების საჭიროებები და პრობლემების გადაჭრა ასე უფრო სწრაფად და ოპერატიულად მოხდება,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.