რადიო „ფორტუნას“ „დილის სტუმარია“ მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, როგორ და რითი იწყება მისი იდეალური დილა და ასევე უპასუხა კითხვას მუსიკალური გეგმების თაობაზეც.
როგორია შენი იდეალური დილა?
ეს ბოლო პერიოდია 10 საათზე ვიღვიძებ და მიკვირს, როგორ ვახერხებ ამას, ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ამ საქმეებს მუდამ დილით მინიშნავენ. ადრე ჩემი დილა დღის პირველ საათზე იწყებოდა ხოლმე. ღამე სამ საათზე ადრე არ ვიძინებ, ნურავინ მომბაძავს ამაში. იდეალური დილა მაშინაა, როდესაც ვიღვიძებ სიმშვიდეში, პრობლემების გარეშე და რა თქმა უნდა, ყავა, ყავა არის დილით ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ტვინისთვისაც კარგია და ზოგადად, აზრზე მოვყავარ. ყავა ჩემს დილის ენდორფინებს აღვიძებს. დღის განმავლობაში ორ ჭიქა ყავას ვსვამ. დილით მუსიკას არ ვუსმენ ხოლმე. სიჩუმე არის საუკეთესო მუსიკა, როგორც ამას ბრძენი იტყოდა.
რომელია შენი ფავორიტი მუსიკალური ჟანრი?
არ მაქვს ამოჩემებული ჟანრი, ხანდახან კლასიკა ამაღლებს ჩემს განწყობას, ხანდახან ელექტრონული მუსიკა და ხანაც ჯაზი. ძირითადად, ეს სამი მიმართულებაა, თუმცა არენბიც მიყვარს და ჰიპ-ჰოპიც.
რა ხდება შენს მუსიკალურ კარიერაში, რაიმეს ხომ არ გეგმავ?
ყველა მუსიკოსი ველოდებით სიტუაციის დარეგულირებას და იმას, თუ როდის შევძლებთ თავისუფლად კონცერტების გამართვას. იმიტომ, რომ მუსიკა არის ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყარო და ამის გარეშე ჩვენთვის შეუძლებელია ცხოვრება. ასეთ დროს ნაკლებად ვფიქრობთ ხოლმე ახალ სიმღერებზე, თუმცა მე მაინც გამოვნახე დრო და ორი-სამი სიმღერის ჩაწერის გეგმა მაქვს. ჩემს გეგმებში ალბომის შექმნაც შედის, რომელიც ცოტა განსხვავებული იქნება, ასევე დეკემბრის 31-დან შეიძლება იყოს კონცერტების ჩატარების შესაძლებლობა. დიდი გეგმები მაქვს გასტროლებთან დაკავშირებითაც. პანდემიამდე დაგეგმილი მქონდა კონცერტები ამერიკაში და ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ჩამეშალა.
პოდკასტი: