რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ნოდარიკო ხუციშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის მუსიკალურ ალბომზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ნამუშევრები „სიკეთე თოვლად მოვა“ და „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ გაგვიზიარა.
ნოდარიკო, მოგვიყევი შენს ალბომზე – „სიკეთე თოვლად მოვა“, რამდენ სიმღერას მოიცავს ის?
ალბომში 7 სიმღერა შევიდა, აქედან საავტორო არის ერთი, რომელზეც აეწყო ეს ალბომი. იდეა წინა ზაფხულს მომივიდა. ძალიან მიყვარს საშობაო ალბომები, ზოგადად ეგ განწყობა და პერიოდი მიყვარს და მივხვდი, რომ ალბომი, რომელიც მაგ თემატიკის იქნებოდა, არამარტო საახალწლო, არამედ ზამთრის, არ იყო. სიმღერა „სიკეთე თოვლად მოვა“ ზაფხულში ჯერ რაღაც პატარა მონახაზივით მქონდა გაკეთებული და რომ ავაწყეთ, მერე, უბრალოდ ძალიან მომინდა გამეკეთებინა თანამედროვე ვერსიები იმ ძველი სიმღერების, რომლებიც მე ძალიან მიყვარს. ალბომზე ჩემთან ერთად ძალიან ბევრმა კარგმა მუსიკოსმა იმუშავა, კატო კვარაცხელიამ, ლიკუნა თუთისანმა, ლიკა ქიტიაშვილმა. მე მგონი, ძალიან კარგი გამოვიდა, მე თვითონ ძალიან ბედნიერი ვარ.
ვისაუბროთ ალბომში შემავალ სიმღერებზე „სიკეთე თოვლად მოვა“ და „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“.
ამ ალბომის და სიმღერის პროდიუსერები, ჩემს გარდა, იყვნენ ნიკალა ზუბიაშვილი და ლუკა ქიტიაშვილი. გადავიღეთ კლიპიც, რომელზეც ლაშა ჩაგელიშვილმა იმუშავა. რაღაც ძალიან ბედნიერი გამოვიდა ეს სიმღერა.
რაც შეეხება მეორე სიმღერას, „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“, სალომე კორკოტაშვილი მღეროდა, ჩვენი ბავშვობის სიმღერაა და ძალიან მიყვარდა. აღნიშნული აჩიკო გულედანის და ბექა ჯაფარიძის სიმღერაა. რაღაც ისე წარმოვიდგინე, რომ დიალოგივითაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო ბიჭს და გოგოს შორის. საბოლოოდ, მე და ლიკუნა თუთისანმა ჩავწერეთ. ამ სიმღერასაც ძალიან ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ყველასთვის ძალიან ნოსტალგიური აღმოჩნდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეც იქნებოდა, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. ასეთი სიმღერების გაცოცხლებას კიდევ სხვა სითბო მოაქვს ადამიანებთან.

გაქვს ხოლმე წინასწარი გათვლები სიმღერებთან დაკავშირებით, რამდენად მართლდება ხოლმე შენი მოლოდინები და წინასწარი ხედვები?
გულწრფელად რომ გითხრათ, მაგაზე საერთოდ არასდროს მიფიქრია. ზოგადად, მუსიკა, სცენაზე დგომა ჩემს ცხოვრებაში ცოტა გვიან შემოვიდა. არც მქონდა გათვლილი, რომ სცენაზე დავდგებოდი, ალბომს ჩავწერდი ან მით უმეტეს, ჩემს საავტორო სიმღერას დავწერდი. უბრალოდ, ძალიან გულწრფელად, რაც გიყვარს და მოგწონს, შენთვის რაც თბილი არის, იქიდან იწყება ყველაფერი, ამიტომ მართლა ერთი წამითაც არ მეფიქრება მაგაზე. რა თქმა უნდა, იმას არ მოვიგონებ, რომ ძალიან დიდი სიხარული არ არის არტისტისთვის, თუ ადამიანს განწყობას შეუცვლის მისი მუსიკა, სითბოთი შეეხება, ეს ყოველთვის სასიამოვნოა. ამ ალბომშიც ის სიმღერები შეირჩა, რომელიც მე გულწრფელად ძალიან მიყვარდა, მეტი სხვანაირი გათვლა არ ყოფილა. ეს პერიოდი, ზამთრის მე ძალიან მიყვარს და ვთქვით, მოდი, გავაკეთოთ ისეთი ალბომი, რომელსაც ამ პერიოდში თუ ჩართავენ იქნებ, კარგ, ნოსტალგიურ განწყობაზე დადგნენ. პირველ რიგში, ვინც ვმუშაობთ ალბომზე, ჩვენთვის ვაკეთებთ ამას და მერე, თუ ვინმესაც გადაედება, ეს ორმაგი სიხარულია.

არის ისეთი სიმღერა, რომელსაც არასდროს შეასრულებ?
რა თქმა უნდა. არის რაღაც სიმღერა, მუსიკა, რომელიც ჩემთან საერთოდ ახლოს არ მოდის. რა თქმა უნდა, იმას არ ვიმღერებ, რაც მე არ მომწონს. რაღაცებზე მითქვამს კიდეც უარი, მგონია, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. მეც მეგობარს ან მუსიკოსს რომ ვთხოვო, ეს სიმღერა მიმღერე და რომ მითხრას, ვერ, ვფიქრობ, რომ მაგაში საწყენი არაფერია.
ფანტასტიკურ ფოტოებს იღებ, ხომ არ გიფიქრია გამოფენის გაკეთებაზე, სადაც მუსიკას და ფოტოხელოვნებას გააერთიანებდი?
კი, იმ წამს რამდენად გავაერთიანებ გამოფენას და მუსიკას არ ვიცი, მაგრამ მიფიქრია. სხვათა შორის, უფრო დიდი ხანია, რაც ფოტოაპარატით ვიღებ, ვიდრე სცენაზე ვდგავარ. ზოგადად, მე გიდიც ვარ, ტურისტები დამყავს საქართველოს გარშემო და ფოტოაპარატიც ჩემი განუყოფელი ნაწილია. ზუსტად ამ წამს არ ვიცი, როდის, მაგრამ ფოტო გამოფენას აუცილებლად გავაკეთებ და იმედია, რომ მალე.
როგორია სამომავლო გეგმები?
მაქვს სამი სიმღერის მონახაზი, რომელიც უნდა ჩავწერო.
ნოდარიკო ხუციშვილი – „სიკეთე თოვლად მოვა“
ნოდარიკო ხუციშვილი & ლიკუნა თუთისანი – „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“