LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუსიკალურ საგიჟეთში ვარ, რაც ძალიან კარგია” –  „გრემის“ ჟიურის წევრობა, „ბერკლი” და ქართული მელოდიებით დახუნძლული ალბომი – გიორგი მიქაძე კარიერასა და უახლოეს მიღწევებზე

443
გიორგი მიქაძე

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ მუსიკოსი გიორგი მიქაძე სტუმრობდა, რომელმაც თავის კარიერაზე, უახლოეს მიღწევებზე, პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გიორგი, „არტერიაში“ შედგა უმნიშვნელოვანესი პროექტი, სადაც სტეფანე და თამადა მიიწვიე, მოგვიყევი ამ საღამოს შესახებ, ასევე გაგვაცანი შენს შემოქმედებასა და კარიერაში არსებული სიახლეები.

სულ ცოტა ხნის წინ ძალიან კარგი ტურიდან დავბრუნდი. ვცდილობ, რომ ზაფხულში საქართველოში ვიყო ხოლმე და როცა ჩამოვედი, ვიფიქრე, კონცერტი გამეკეთებინა. ძირითადად, უცხოელ მუსიკოსებთან ერთად ჩამოვდივარ ხოლმე, მაგრამ საქართველოში ძალიან კარგი მუსიკოსები არიან, თან დიდი ხანი არ მქონდა მათთან ერთად პროექტი გაკეთებული. სპეციალურ სტუმრებად თამადა და სტეფანე მოვიწვიე. ამ კონცერტში იყო ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც მორის ფოცხიშვილს მიეძღვნა. ეს იყო 25 წუთიანი ნაწარმოები, რომელიც 2002 წელს გავაკეთეთ და ლაივში არც გვქონდა შესრულებული.

გამიხარდა ქართველ მსმენელთან შეხვედრა, რადგან სხვადასხვა მიზეზების გამო, იშვიათად მაქვს კონცერტები. ამის შემდეგ, გავემგზავრე ევროპაში, სადაც ისეთ ფესტივალებზე გამოვედი, სადაც მანამდე დაკრული არ მქონდა. დღეში 2-2 კონცერტი გვქონდა. ტური მანჩესტერში დავასრულეთ. შემდეგ, 1 კვირით ლონდონში ვიყავი და რონი სკოტთან ერთად, უკვე დავგეგმე რაღაცები, შემდეგ წელს, პირველად მექნება კონცერტი ლონდონში. ალბათ, „Georgian Songbook“-ს გავაკეთებ, რომელიც ჩემი ბოლო ალბომია და რომელიც ქართული მელოდიებით არის დახუნძლული. ასე ვთქვათ, მუსიკალურ საგიჟეთში ვარ, რაც ძალიან კარგია. ასევე, საფრანგეთში ვმუშაობდი ერთ პროდიუსერთან ერთად პროექტზე.

ახლა, „ბერკლიში“ ვასწავლი, რაც საკმაოდ დამღლელია, თუმცა ბევრი ბენეფიტი მოაქვს.

ვიყავი ძალიან ბევრ ადგილას, დავესწარი კულტურულ სიმპოზიუმებს და ძალიან ბევრ პოლიტიკოსს და მსოფლიო ლიდერს შევხვდი.

მაქვს კიდევ ერთი ძალიან დიდი სიახლე, რომელიც მინდა, რომ გაგიზიაროთ, წელს, მიწვეული ვიყავი „გრემის დაჯილდოებაზე“, პირადად პანოს პანაიმ, ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის პრეზიდენტმა მიმიწვია და მკითხა, მქონდა თუ არა მემბერშიფი ხმის მიცემასთან დაკავშირებით, ანუ როცა შეგიძლია, ჟიურიში იყო და შენს ფავორიტ მონაწილეს ხმა მისცე. როგორც ვიცი, ჩემს გარდა, სულ სამი ქართველია წევრი, ეთერი ანჯაფარიძე, მიშა კაჭკაჭიშვილი და ნიკა კანდელაკი.

საიდან დაიწყო ყველაფერი, ვინ იყო ინიციატორი, რომ მუსიკით დაკავებულიყავი?

ეს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოჯახიდან მოდის. საუბარი მაქვს პირველ ნაბიჯებზე და დედაზე. შემდგომ, ეს არის ჩემი და, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემს ცხოვრებაში. ამის შემდეგ, არის ცხოვრება, რომელიც გაჩვენებს, საით უნდა წახვიდე. აუცილებლად უნდა გაჰყვე ევოლუციას, რადგან დღესდღეობით, მხოლოდ ის, რომ პიანისტი იყო და მხოლოდ ის, რომ სიმღერებს წერდე, საკმარისი არ არის. აუცილებელია თვითრეალიზება. დღეს, როდესაც „ტიკ ტოკის“, „ინსტაგრამის“ ეპოქაა, სულ არ არის აუცილებელი, რომ რომელიმე დიდი ლეიბლი მოვიდეს და აგარჩიოს, რომ პოპულარული გახდე, თუ ყოველდღე წერ ვიდეოებს და საკუთარ თავზე მუშაობ.

ზოგადად, ძალიან ბევრი რამ მაინტერესებს, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობები, მაგრამ ეს, რაც ქვეყნიდან მომყვება, ეს მუსიკალური იდენტობა, ისევ ამ მხრივ მინდა გავაგრძელო, რაც დიდი ხნის წინ დავიწყე და გავაკეთო პროექტები.

შენთვის რა არის ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელი ჯილდო, პროექტი?

ასე სათითაოდ ვერცერთს გამოვყოფ, რადგან ყველა პროექტში ძალიან დიდი ენერგია ჩავდე. ალბათ, უფრო უკეთესი იქნებოდა, ერთი რამ ამერჩია და იმ მხარეს წავსულიყავი და ჩამედო ენერგია. ახლა, ჯაზ ტრიოს სახით მაქვს ჩანიშნული კონცერტები შემდეგ შემოდგომაზე, საფრანგეთში და ჩემი აგენტი მუშაობს, რომ უფრო მეტი კონცერტი ჩაინიშნოს. ასევე, მაქვს კონცერტები სხვადასხვა ქალაქებში. იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც შევძლებ ამ პროექტის ჩამოტანას, რადგან ზუსტად წელიწად ნახევარი გავიდა, რაც ეს ალბომი გამოვიდა და საქართველოში არც კი შესრულებულა.

რომელია ისეთი პროექტი, რომელიც ყველაზე მეტად გინდა, რომ განხორციელდეს?

ეს არის ქართული ცეკვის პროექტი. ადრე მქონდა საშუალება, რომ „Riverdance“-ის კომპოზიტორი გამეცნო და ეს ადამიანი ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო და დღემდე ასეა, როდესაც საფრანგეთში ჩავდივარ, ყოველთვის თავის სახლს მითმობს. მახსოვს მისი სიტყვები, თუ როგორ მოსწონს ქართული ცეკვა და ქართული ფლოკლორი. ვისურვებდი, დაიდგას რაღაც შოუ, რომელიც აჩვენებს კულტურულ მიღწევებს, რომელიც საქართველოს გააჩნია. უფრო, ალბათ, საზღვარგარეთ იქნებოდა კარგი, ამ პროექტის დადგმა. ამაზე კოვიდამდე დავიწყე მუშაობა და როდესაც შეგროვდება იდეები, აუცილებლად გაკეთდება ეს პროექტი.

„ბერკლიზე“ რომ ვისაუბროთ, როგორია სამუშაო პროცესი და ქართველი სტუდენტები თუ გყავს?

დიახ, ქართველი სტუდენტებიც მყოლია.

აქვე, აუცილებლად უნდა მოგიყვეთ 5 ნოემბრის კონცერტის შესახებ. ეს იყო ქართული მუსიკის საღამო, 5 განყოფილებიანი, სადაც შესრულდა ქართული საგალობლები, ქართული სიმღერები, შესრულდა ჩემი ტრიოს ნაწარმოებები. დავდგით ცეკვები. ჩემი მეგობარი, ლაშა მძინარაშვილი იყო ჩამოსული და ქართველ მოცეკვავეებთან ერთად შევკარით დადგმა. ასევე, ნიუ იორკიდან ჩამოვიყვანე ცნობილი ქართველი მედოლე – ელიბო იმერლიშვილი, რომელიც „სუხიშვილებში“ უკრავდა. გვყავდა ქართული ინსტრუმენტების არაჩვეულებრივი შემსრულებელი, გიორგი სუბელიანი. ორმოცდახუთმა კაცმა მიიღო ამ კონცერტში მონაწილეობა. მოვიწვიე ყველა ქართველი სტუდენტი, რომ ჩართულნი ყოფილიყვნენ ამ კონცერტში. ისე მოხდა, რომ იმ მომენტში თამადას ჰქონდა ტურნე ამერიკაში და ისიც შემოგვიერთდა. ამ კონცერტში იყო მოგზაურობა საქართველოს ირგვლივ და ბოლოს, თბილისით დავამთავრეთ, რადგან ლაშას მუსიკაც და ხელოვნებაც ზუსტად თბილისის კულტურასთან არის დაკავშირებული. ყველა ჩემი სტუდენტი იმას მეუბნებოდა, რამდენად განსხვავებული რამ მოისმინეს იმისგან, ვიდრე აქამდე სწავლობდნენ. სურვილი მაქვს, რომ ჩამოყალიბდეს ქართული ანსამბლი, რომელიც შემდეგი წლიდან, აუცილებლად ჩაჯდება ანსამბლების დეპარტამენტში, შევძლოთ და ქართული კონცერტებიც გავაკეთოთ სემესტრულად.

ძალიან ნიჭიერი სტუდენტები მყავს, მათ ბევრი ქართველი ფოლოვერიც ჰყავთ, რადგან ძალიან აქტიურები არიან სოციალურ ქსელში, ბევრ ვიდეოს დებენ. გასახარია, რომ ამ ბავშვებს ჩემს გამოცდილებას ვაძლევ და შემდგომ, ძალიან ბევრი მადლიერია. ძალიან რთულად ვუდგები ამ საკითხებს, ძალიან მომთხოვნი ვარ. ბევრად მკაცრი პედაგოგი ვარ, ვიდრე, ალბათ, ხალხს ჰგონია, რადგან ჩემი დრო ძალიან ძვირფასია… თან, „ბერკლიზეა“ ლაპარაკი, ეს არ არის ისეთი მუსიკალური დაწესებულება, რომელიც შეგიძლიათ, უბრალოდ გააცდინოთ.

რას ურჩევდი ახალგაზრდებს, რომელთაც შენს სფეროში სურთ წარმატების მიღწევა?

არ უნდა ეცადონ, რომ მარტო ერთის მხრივ განვითარდნენ, რადგან ძალიან დიდი ინფორმაცია არსებობს და როცა ამ ზღვა სამყაროში შედიხარ, საკმაოდ დიდი ცოდნა უნდა გქონდეს თითქმის ყველა მუსიკალური სფეროს ირგვლივ.

„North Sea Jazz Festival“-ზე რომ დავუკარი, იმ საღამოს ჯეიკობ კოლიერი გავიცანი და ძალიან კარგი საუბარი გვქონდა მე და მას. უკანა გზაზე ვარსკვლავებთან ერთად აღმოვჩნდი, ბელა ფლეკი, ანტონიო სანჩესი… უბრალოდ, მანქანაში ვისხედით მუსიკოსები და მუსიკაზე გვქონდა საუბარი. ისეთ სიღრმეებზე გავიდნენ, რომ გამიკვირდა და მივხვდი, რომ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. ბახზე ვლაპარაკობდით სიღრმისეულად, ფილოსოფიურად, მთელი ეს 20 წუთიანი გზა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად, იცოდნენ ოპერა, როკ-ენ-როლის ისტორია, საიდან იწყება ფუგა, პოლიფონია… აუცილებელია, იცოდეთ, რა ხდება, ტრენდი რა არის.

ცოდნასთან და შრომასთან ერთად, გამართლებასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?

სულიერად თუ იმ დონეზე ხართ სამყაროსთან, რომ თქვენ გჯერათ თქვენი შესაძლებლობების, გამართლებაც არის და ყველაფერიც, უბრალოდ უნდა გჯეროდეს იმის, რატომ დაიბადე და რისთვის მოხვედი ამ დედამიწაზე, რა როლი გაქვს. პირველ რიგში, ეს როლი უნდა გააანალიზო და შემდეგ, რა ინსტრუმენტზე დაუკრავ, ეს მეორე საკითხია. ადამიანი თუ სწორად განჭვრეტს, რა სურს, შესაძლებელია, იმაზე მეტს მიაღწიოს, ვიდრე წარმოუდგენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g