მწვანე კონცხი გადათხრილია. ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის ხე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის საძირკველთან ამოთხარეს. ხის ნაცვლად ახლა დიდი სიცარიელეა.
სტუდენტები ამ საცხოვრებელში ჯერ კიდევ ცხოვრობენ, მაგრამ მათთვის ახალი შენობა შენდება და ძველის საცხოვრებლის ადგილზეც სიცარიელე გაჩნდება.
თუმცა დროებით…
რეზო ხარაზის მიერ გავრცელებულ დრონიდან გადაღებულ კადრებზე ჩანს, რომ მწვანე კონცხზე, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა სამუშაოებიც მიმდინარეობს.
გზა, რომელიც ახალი გაჭრილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი აგრარული ფაკულტეტის შენობის ადგილზე მიდის, სადაც ახლა არაფერია, თუმცა უახლოეს მომავალში, სასტუმრო კომპლექსის აშენება იგეგმება. მისი აშენება სახელმწიფო ბიუჯეტს 2, 5 მილიონი ლარი დაუჯდა.
დასასვენებელ კომპლექსს „მაგნოლიას“ [Magnolia – Resort & SPA] „ბიზნეს დეველოპმენტის“ დაკვეთით კომპანია „ზიმო“ აშენებს.
ადგილზე 320 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს, წინასწარი ინფორმაციით ეს კომპლექსი სავარაუდოდ პანორამა ბათუმის პროექტის შემადგენელი ნაწილია. თუმცა, პანორამასა და მწვანე კონცხის Magnolia – Resort & SPA“-სთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებენ.
აღსანიშნავია, რომ მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი იყიდა შპს „ურეკი რეზიდენსმაც“, რომლის 100% წილის მფლობელი ბერა ივანიშვილია.