LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მყარი ნარჩენების სეპარირება კახეთიდან დაიწყება

199

მყარი ნარჩენების სეპარირება პირველ ეტაპზე კახეთის რეგიონში დაიწყება. საპილოტე პროექტს USAID-ი აფინანსებს და ის თელავის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში განხორციელდება.

როგორც ”ფორტუნას” გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ირმა გურგულიანმა განუცხადა, ამ პროექტით დაინტერესებულია ადგილობრივი მწარმოებელიც, რომელიც ნარჩენების გადამუშავებაზე მუშაობს.

”მოსახლეობა ნარჩენის სეპარირებას მიეჩვევა და ნახავს, რომ ეს შედეგს გამოიღებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე ეს გაკთდეს სწორად. არ უნდა მოხდეს ისე, რომ მე მაცხოვრებელი ვაგროვებ ნარჩენებს, ვახდენ სეპარირებას, ვყრი განსხვავებულ ყუთებში, მაგრამ შემდეგ თუ მოდის მანქანა, რომელიც ყველაფერს ერთად ყრის და ისევ ნაგავსაყრელზე მიაქანებს და არ ხდება მისი გადამუშავება, ეს ძალიან უარყოფითი ფაქტორი იქნება,” – განუცხადა ”ფორტუნას” ირმა გურგულიანმა.

მისივე თქმით, სეპარირებაზე საქართველო ეტაპობრივად გადავა, რასაც შესაბამისი ხარჯების გაღება დასჭირდება მუნიციპალიტეტების მხრიდან. გარდა ამისა, ეს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრებათ მწარმოებლებსაც, რომლებსაც საკუთარი სპეცფიკური ნარჩენების შეგროვება-გადამუშავება მოუწევთ.

”სეპარირების ვალდებულება არის ერთ-ერთი უმთავრესი. თუმცა, რადგანაც ეს მოითხოვს ძალიან დიდ ფინანსურ დანახარჯებს და თანაც ხალხის ცნობიერებაც მოვამზადოთ, ეს რეგულაცია 2019 წლიდან ამოქმედდება,” – აღნიშნა გურგულიანმა.

”ნარჩენების მართვის კოდექსი” გასულ წელს ამოქმედდა. კოდექსი საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულების გათვალისწინებით შეიმუშავა.

 

magti 5g