LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზად ვიყავი, თუკი ქირურგიული ჩარევა პრობლემას გამოასწორებდა, ოპერაციაც კი გამეკეთებინა…“ – 27 წლის კინომცოდნის რთული გზა ტელეჟურნალისტობამდე – როგორ დაძლია მეტყველების პრობლემა ზაკ მირიანაშვილმა

1218
f6fe00ed-21fb-4d42-80b0-64579ab1452c

ზაკ მირიანაშვილი ქართულ ტელეჟურნალისტიკაში საინტერესო ახალი სახეა, რომელიც „რუსთავი 2“-ში კინოსა და ამბების თხრობის სიყვარულმა მიიყვანა. ბავშვობიდანვე მთხრობელი იყო და მისი ეს მთავარი უნარი კარგად ითარგმნა სატელევიზიო ცხოვრებაში – უბრალოდ, ქუჩაში გამვლელთან ინტერვიუს დროს თუ ძალიან ცნობილ, მთელი ქვეყნისთვის სათაყვანებელ პერსონებთან პირისპირ ჯდომისას, 27 წლის ჟურნალისტთან უჩვეულოდ გულწრფელად და ღრმად საუბრობენ…

ზაკმა ამ ასაკში უკვე აისრულა ერთ-ერთი მთავარი ოცნება – გამოისწორა მეტყველების პრობლემა, რომელიც ბავშვობიდან აწუხებდა და დღეს უფრო თავდაჯერებული აგრძელებს იმას, რაც საუკეთესოდ გამოსდის – ამბების გადმოცემას…

ტელეჟურნალისტობამდე საკმაოდ რთული გზით მიხვედი…

ზაკ მირიანაშვილი:

ყოველთვის ძალიან მიყვარდა ამბების მოყოლა. როცა დასასვენებლად ვიყავით და სახლს ვუბრუნდებოდით, მაყოლებდნენ, რა ხდებოდა, სად დავისვენეთ… შესაძლოა, სხვას უფრო საინტერესო თავგადასავლები ჰქონოდა, მაგრამ მე ალბათ, უფრო სხვა დეტალებს ვაქცევდი ყურადღებას. ჩემი ისტორიები ყველას განსაკუთრებულად აინტერესებდა.

მწერლობა რატომ არ აირჩიე?

ალბათ, ამ პროფესიის არჩევას კიდევ სხვა გამბედაობა სჭირდება… მე კი ჟურნალისტიკა მაინტერესებდა, ასევე ჩემი ბავშვობის დიდი სიყვარული იყო კინო, განსაკუთრებით – ქართული. ჩემი პროფესიული არჩევანი განაპირობა ერთმა ამბავმა – 14 წლის ასაკში დავწერე პროექტი „ნატო ვაჩნაძის კვირეული“. ის დაფინანსდა და ჩვენ მიერ დაგეგმილ პროექტში მონაწილეობა მიიღო ელდარ შენგელაიამ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მას იუბილე ჰქონდა და მიწვეულ სტუმართა შორის მეც აღმოვჩნდი. ჩემთვის ეს სამოტივაციო ამბავი აღმოჩნდა, ვიფიქრე, რომ შეიძლება, არავინ გყავდეს, მაგრამ იქ აღმოჩნდე, სადაც მთელი ცხოვრება მიგიწევდა გული… ჩავაბარე კინომცოდნეობაზე, ვისწავლე, დავიწყე პატარ-პატარა გამოცემებისთვის წერა.

ტელევიზიაში როგორ მოხვდი?

ტელევიზიაში მოვხვდი ტექნიკური მიმართულებით, რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი სოციალური მედიის მენეჯერი ისე, რომ არც კი მიფიქრია, რომ თავად შეიძლებოდა ვყოფილიყავი ტელეჟურნალისტი. ჩემი ჰობი ამბების შეგროვება იყო და მათ პირადი „ფეისბუქის“ გვერდზე ვათავსებდი. ტელეპროდიუსერები მიხვდნენ, რომ შეიძლებოდა, სიუჟეტების კარგი სერია მომზადებულიყო ქართული კინოს შესახებ. სიუჟეტებს მე არ ვახმოვანებდი, იმიტომ, რომ თავიდანვე ასე მიმაჩნდა, ტელეჟურნალისტისთვის გამართული მეტყველება აუცილებელია… ვერ გამოვთქვამდი 16 ძირითად ბგერას, რომელზეც აწყობილია ჩვენი პირის აპარატი და იმ ხარვეზის გამო, რაც მეტყველებაში მქონდა, არ მინდოდა, ჩემი დაწერილი სიუჟეტი, მოძებნილი კადრი, დაზიანებულიყო.

ერთ დღეს მერაბ კოკოჩაშვილთან ჩაწერილი მასალა მოვიტანე, სადაც ბატონ მერაბს დავუსვი კითხვა, როგორ მოახერხა, რომ შავ-თეთრში გადაღებული „დიდი მწვანე ველი“ დღესაც ასეთი მწვანეა. ბატონ მერაბს ძალიან გაუკვირდა კითხვის ეს ფორმულირება და უფრო მეტად გაიხსნა.. პროდიუსერმა რომ შეხედა ამ მასალას, მითხრა, რომ ამ კითხვას ინტერვიუდან არავითარ შემთხვევაში არ ამოჭრიდა. პროდიუსერმა მითხრა, ამის შემდეგ, როცა შენ მსგავსი კითხვა გაგიჩნდება, არ შეიზღუდო თავი, კადრში უნდა იყოო…

ვიღაცამ შეიძლება არც დამიჯეროს, როგორ, ტელევიზიაში მუშაობდი ამდენი წელი და როგორ არ გიფიქრია ტელეეთერში გამოჩენაზეო, მაგრამ პერფექციონისტი ვარ, რასაც ვაკეთებ, მინდა, ის საუკეთესო იყოს… ამიტომ მართლა არ მიფიქრია. დავიწყე გარე გადაღებებიც, ქუჩის ინტერვიუები, რაც ასევე აღმოჩნდა წარმატებული, თუმცა მთელი ეს პერიოდი ვეძებდი ლოგოპედს. ზოგადად, მთელი ჩემი ბავშვობა წარმოადგენს ლოგოპედების ძებნისა და მათთან სიარულის სხვადასხვა პერიოდს. ჩემი მშობლები მასწავლებლები არიან და ზუსტად იცოდნენ, რომ ეს პრობლემა უნდა გამოსწორებულიყო, ცდა არ დაუკლიათ, ლოგოპედები განსხვავებული მეთოდებით მისწორებდნენ მეტყველებას… მახსოვს მოლოდინი… ბავშვი ხომ უფრო სხვანაირად განიცდის… და ეს მოლოდინი მერე არ მართლდებოდა…

შენს ხასიათზე, ადამიანებთან დამოკიდებულებაზე როგორ აისახა?

ეს, ალბათ, ოჯახისა და აღზრდის დამსახურებაა, გარემოსი, სადაც ვიზრდებოდი. როცა ჩავაბარე, იქაც ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი. არავინ მიმითითებდა ამ პრობლემაზე… არც თავად ვსაუბრობდი ამ პრობლემაზე, მაგრამ გარემო დიდწილად განსაზღვრავდა იმას, რომ არ მქონდა გამოხატული კომპლექსი.

ბავშვობაში ლოგოპედებთან სიარულმა, სამწუხაროდ, არანაირი შედეგი არ გამოიღო. როცა პირველ კითხვებს ვსვამდი კადრში, როგორც ზევით ვახსენე, უკვე ვეძებდი ლოგოპედს, ოღონდ გახმაურების გარეშე. თითქოს უკვე აღარ იყო ისეთი დიდი პრობლემა ჩემი მეტყველება, კადრშიც ვჩანდი, მაყურებელმაც ასეთი მიმიღო, მაგრამ არ მინდოდა, სანანებლად დამრჩენოდა წლების შემდეგ, რომ ყველაფერი არ ვცადე… ყველა სპეციალისტი მეუბნებოდა, რომ მქონდა პირის აპარატის თანდაყოლილი დეფექტი. გავიარე კონსულტაცია ყბა-სახის ქირურგთანაც. მზად ვიყავი, თუკი ქირურგიული ჩარევა პრობლემას გამოასწორებდა, ოპერაციაც კი გამეკეთებინა, მაგრამ მითხრეს, რომ ჩემი დეფექტი ოპერაციულადაც არ გამოსწორდებოდა. რაღაცნაირად დავმშვიდდი, რადგან გავაცნობიერე, რომ არაფერი შეიცვლებოდა…

გადის ერთი წელი და სოციალურ ქსელში მიკავშირდება ლოგოდეფექტოლოგი, ქალბატონი ქეთევან კანდელაკი. მას ჩემი ინტერვიუების სერია ჰქონდა ნანახი. როდესაც მასთან პირველ კონსულტაციაზე მივედი, ძალიან მომზადებული დამხვდა. ამოწერილი ჰქონდა ხარვეზები ჩემთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო ის, რომ არც ერთი გაკვეთილი არ უნდა გამეცდინა. მისი გათვლებით, დეფექტების აღმოფხვრას, სავარაუდოდ, 36 გაკვეთილი დასჭირდებოდა. წარმოიდგინეთ, რაც ამდენი წელი პრობლემას მიქმნიდა, 36 საათში შეიძლებოდა მოგვარებულიყო. ჩემი პრიორიტეტი გახდა ეს მეცადინეობები… მახსოვს, მეტროთი მიწევდა მგზავრობა და უკან რომ ვბრუნდებოდი, მეკეთა ყურსასმენები, რაღაც სიტყვებს ვიმეორებდი, ჯერ ხმადაბლა, შემდეგ ხმამაღლა წამოვიძახებდი – სახლი!.. ხალხი გაოცებული მიყურებდა…

რომელ გაკვეთილზე მიხვდი, რომ ამჯერად იმედი არ გაგიცრუვდებოდა?

ყურში ჩემი ძველი მეტყველება მქონდა გამჯდარი… მივედი მე-12 გაკვეთილზე და დავიწყე რაღაც ამბის მოყოლა. უცებ ქალბატონი ქეთევანი მაწყვეტინებს საუბარს და მეკითხება, – შენ ახლა ვერ ხვდები, რომ რაღაცას სხვანაირად აკეთებ? შენი აპარატი მიხვდა, რომ სხვანაირად უნდა იმოძრაოსო… მე კი მეგონა, ყველაფერი ისევ ისე გრძელდებოდა… გადამიღო ვიდეო და რომ მოვისმინე გამართული მეტყველება, ეს იყო ახალი ამბის დასაწყისი… და ეს არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი…

მახსოვს, როცა გამოვედი, ვერ მოვითმინე, სანამ მივიდოდი, მანამდე დავრეკე სახლში. დავურეკე დას, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს… ეს იყო ბავშვური სიხარული. ამ ეპიზოდმა თავდაჯერებაც გამიზარდა. სულ მადლიერი ვარ და ვიქნები ქალბატონი ქეთევან კანდელაკის… მეუბნებოდა, ყველაფერი სხვანაირად იქნებაო და ასეც მოხდა…

ზაკ, რესპონდენტის მიერ ნათქვამმა ფრაზამ ან მოყოლილმა ამბავმა შენზე ყველაზე დიდი გავლენა როდის მოახდინა?

როცა რესპონდენტს ვხვდები, ერთ ისეთ ფრაზას მაინც დავიჭერ ხოლმე, რომ ვფიქრობ, აი, ამისთვის ღირდა ამ ინტერვიუს ჩაწერა… მახსოვს, თავშესაფარში ერთმა ქალბატონმა მითხრა, როცა ახალგაზრდა ვიყავი, სულ ბევრი ხალხი იყო ჩემთან სტუმრად და მეგონა, მუდამ ასე გაგრძელდებოდაო. ახლა, როცა მარტო დავრჩი და თავშესაფარში ვცხოვრობ, ვნანობ, როცა ასეთი ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმ მომენტში ამას ვერ ვიაზრებდიო. ეს იყო დიდი დარდი, რომელიც გამანდო, რაც ყველას შეიძლება შეეხოს, ამიტომ ვცდილობ, როცა ყველაფერი მიდის კარგად, ეს დავაფასო…

ელისო ვირსალაძე არ მიცნობდა, როცა მასთან ინტერვიუზე მივედი, ის ტელევიზორს საერთოდ არ უყურებს… ვკითხე, არ მიცნობთ, მაგრამ როგორც ახალგაზრდას, რომელსაც ძალიან უნდოდა თქვენთან მოსვლა და საუბარი, რა რჩევას მომცემდით-მეთქი… მრავლისმთქმელად გამიღიმა და მიპასუხა, – „სულ გახსოვდეთ, რომ თქვენი დრო შეზღუდულია, გამოიყენეთ ეს ასაკი!..“ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა, რაც ბოლო პერიოდიდან მახსოვს…

კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ – თბილისის კინოსტუდიაში რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს გოდერძი ჩოხელის დაკარგული ფილმი. დავურეკე იმ ადამიანს, ვინც ამ საცავს ხელმძღვანელობდა, რევაზ მახათაძეს და ვკითხე, რაიმე სიახლე ხომ არ ჰქონდა. მიპასუხა, რომ აღმოაჩინა ერთი ფირი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის დაკრძალვაა გადაღებული და მას ესწრებოდნენ ნიკოლოზ შენგელაია და ლადო გუდიაშვილი, სხვა დამსწრეები კი ვერ ვიცანიო. მთხოვა, მიმეყვანა ადამიანი, რომელიც იმ პერიოდში კარგად ერკვეოდა. რადგან მარჯანიშვილის თეატრთან დაკავშირებული ადამიანები ახსენეს, დავუკავშირდი ბატონ აკაკი კუჭუხიძეს, რომელიც ამ თეატრის ნამდვილი მემატიანეა. წავედით „რუსთავი 2“-ის კამერით და აღიბეჭდა ეს აღმოჩენა, ეს იყო კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის კადრები. პირველად, ჩემი თანდასწრებით მოხდა ეს აღმოჩენა, ამ კადრებში იყვნენ სრულიად ახალგაზრდა მიხეილ ჭიაურელი, ლეო ესაკია, უდიდესი ლეგენდები… ამ კადრების ნახვისას ბატონ აკაკის მოსდიოდა ცრემლები. ეს იყო 1934 წლის ფირი, რამდენიმე წელიწადში ბევრი ამ ფირზე აღბეჭდილი ადამიანებიდან სამუდამოდ გამოესალმა სიცოცხლეს… უკვე ახლა, ეს კადრები ხშირად ტრიალებს მაშინ, როდესაც მარჯანიშვილთან დაკავშირებული საღამოები ეწყობა, ან გადაცემა მზადდება. დღეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა გულის სიღრმეში მიხარია, რომ ერთ-ერთმა პირველმა კადრები მე ვნახე…

არსებობს რესპონდენტი, ვისი ჩაწერაც ძალიან გინდოდა, მაგრამ არ გამოგივიდა?..

ეს არსად მითქვამს – ასეთი რესპონდენტი იყო ოთარ იოსელიანი. როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, მისცა ინტერვიუ ერთ უცხოურ გამოცემას. დავიწყე მუშაობა, როგორ შეიძლებოდა მასთან მივსულიყავი. დავუკავშირდი უამრავ ადამიანს. თავდაპირველად იყო პასუხი, რომ ნაკლებად აინტერესებდა ქართველ ჟურნალისტთან ინტერვიუ. მერე, როდესაც ჩემ შესახებ უთხრეს, რომ კინომცოდნე ვარ, ბატონმა ოთარმა შემომითვალა, რომ უნდა დამეწერა საკითხები, რაც მის შესახებ მაინტერესებდა და მისთვის გამეგზავნა. კიდევ ერთხელ ვნახე მისი ყველა ფილმი და გავაგზავნე კითხვები. დამირეკეს და მითხრეს, რომ ბატონმა ოთარმა თქვა თანხმობა. ვიყავი უბედნიერესი და ვემზადებოდი. შემდეგ მას ჯანმრთელობის მცირე პრობლემა შეექმნა და ავიღეთ პატარა პაუზა. ამას მოჰყვა შედარებით დიდი პრობლემები და ინტერვიუ გადაიდო, რამდენიმე თვეში კი გავიგეთ, რომ მსოფლიო კინოს აღარ ჰყავდა ოთარ იოსელიანი… ამ არშემდგარმა ინტერვიუმ მასწავლა ერთი მნიშვნელოვანი რამ – ყველა ის ადამიანი უნდა ჩავწერო, ვისთანაც იმ მომენტში შესაძლებელია ინტერვიუს ჩაწერა. ბატონ ოთარ იოსელიანთან მცდელობა ნამდვილად არ დამიკლია, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში ვიცი, რომ ყოველთვის ძალიან უნდა მოვინდომო და ყველა არსებული საშუალება გამოვიყენო…

ცხოვრების ერთი დიდი ოცნება უკვე აიხდინე, დიდი საჩუქარი გაუკეთე შენს თავს… ახალი ოცნება უკვე არსებობს, რა წერტილამდე უნდა მიხვიდე წლების მერე, სად ხედავ შენს თავს?

ალბათ, არასწორია, რომ ადამიანს მიზნები არ აქვს განსაზღვრული, სად იქნება 10 წლის შემდეგ. უფრო მეტად შემიძლია იმის განჭვრეტა, რაზე ვიტყოდი უარს მომავალში, ეს უფრო ამართლებს. ეს მინდა და ამისკენ წავალ – ასე არ არის მოწყობილი ჩემი გონება. თუმცა ერთი სურვილი მაქვს – მინდა, კინოს მიმართულებით ამბების გასაზიარებლად ჩემი სივრცე შევქმნა, მოვაწყო, სადაც მსურველებს ვუმასპინძლებ… ეს იქნება მოგზაურობა ქართული კინოს დაფარული ამბების გზებზე…

magti 5g