LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მზე და სიყვარული” – დიდი ემოცია, დიდი სიყვარული და მზეა ჩადებული

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” დათო გომართელი ესტუმრა.


რა სიახლეები გაქვთ?

პირველი და ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ მე და ანსამბლმა ”შვიდკაცამ” გავიმარჯვეთ და ”ოქროს ტალღის” დაჯილდოების ცერემონიაზე ნომინაცია ”წლის საუკეთესო
დუეტი” ავიღეთ. ეს არის ქართული პოპულარული სიმღერების ნაკრები.


როგორ არჩევთ სიმღერებს?

მაქვს მონახაზები, ტექსტები…  იმ სიმღერებს, რასაც ბავშვობაში ვისმენდი, ვერ ჩავიწერდი, ასე მარტივი არ იყო. ხელსახოცზე დაწერილი ტესტები მაქვს შენახული. სწორედ ამას ვიხსენებ, მოდის იდეები, ხდება სიმღერების აღდგენა.


რომელია თქვენი სავიზიტო ბარათი?

ძალიან ბევრ სტილში მაქვს სიმღერები…ძნელია გამოვყო, თუმცა, ჩემი აზრით ეს არის ”აგენტი 0013”, ”მამა აფრიკა”…


ჩვენი ბოლო შეხვედრისას აანონსებდით ალბომს – ”ქართული ეთნო კოდი”…

ალბომი გამოვიდა, შესულია ახალი და ძველი სიმღერები ახლებურად. მუსიკალური პროდიუსერი გახლდათ დავით მალაზონია, ყველა სიმღერა ცოცხალი ინსტრუმენტებით არის ჩაწერილი. როგორც
არსებობს სამაგიდო წიგნი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის სამაგიდო ალბომი და დათო გომართელის შესაძლებლობები აქ ყველაზე კარგად ჩანს. იყიდება მუსიკალურ მაღაზიაში ”გურუ”.


ემზადებით ახალი ალბომისთვისაც…

დიახ, ალბომი არის ორ დისკიანი, ერთზე ქართული, მეორეზე კი უცხოური სიმღერებია. ის უკვე დამთავრებულია. განსხვავებულია ძალიან, ისეთი შეფუთვა აქვს, როგორიც ჯერ არ ქონია არც ერთ ალბომს. ალბომის პრეზენტაციას ბათუმში ვგეგმავ.


გყავთ თუ არა პროდიუსერი, ან როგორ ახერხებთ ფინანსურ უზრუნველყოფას?

ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ფონოგრამა იყოს გამორჩეული. ყველა სიმღერას გარკვეული თანხა სჭირდება. მე ვიცი, რომ არ უნდა გავჩერდე. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ვიყო მოთხოვნადი,
საკუთარი ჯიბიდან ვიღებ თანხას ამისათვის.


თქვენს მუსიკას ყველა თაობა უსმენს…

ყველასათვის ერთნაირად ვმღერი და ვქმნი მათ შესაფერის სიმღერას. ჩემს სიმღერას, რომელიც ”ბასტი-ბუბუში” იყო, ”კრიჭი-კრიჭი”, ”იუთუბზე” 3 000 000 ნახვა აქვს.


ვინ არის თქვენი პირველი მსმენელი?

პირველ რიგში ავტორი, შემდეგ ის ადამიანები, ვინც იღებს მონაწილეობას მის ჩაწერაში. თუმცა, საბოლოო სიტყვა მაინც მე მეკუთვნის.


სამომავლო გეგმები?

აგვისტოში ვგეგმავთ ”შვიდკაცასთან” ერთად კონცერტის ჩატარებას. თუმცა, ივლისში ალბომის პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართება. შესაძლებელი იქნება ალბომის შეძენაც.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ

”მზე და სიყვარული” – ასე ჰქვია. დიდი ემოცია, დიდი სიყვარული და მზეა ჩადებული. ლილიკო ნემსაძისა და ირინა სანიკიძის ნამუშევარია. სიმღერა სეზონურია და დროა, ყველას ჰქონდეს მანქანაში. არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის, ჩაიწერა ”ბრავო რეკორდსში”.


დათო გომართელი – მზე და სიყვარული

AudioDATO GOMARTELI – MZE DA SIYVARULI

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioDAMZADEBULIA SAQARTVELOSHIDato Gomarteli


ვიდეო კოლაჟი



ფოტოები