პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გადაიდო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც დაცვის მხარემ ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვის შუამდგომლობა დააყენა.
მოსამართლის თქმით, მტკიცებულებები მოცულობითია და მის გასაცნობად ბრალდების მხარეს და სასამართლოს დრო სჭირდება. როგორც მან აღნიშნა, მომდევნო პროცესი დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მსჯელობით დაიწყება.
მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი 31 მარტს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, წინა სასამართლო პროცესი, რომელზეც მზია ამაღლობელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, 4 მარტს გაიმართა.
ცნობისათვის, გამოძიება გამოცემა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.
ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი