26 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ სტუმარი მზია გეწაძე გახლდათ, რომელმაც თავის მუსიკალურ კარიერაზე, მოულოდნელ პოპულარობაზე, სიმღერის „ბოშა ქალი“ ისტორიაზე ისაუბრა და 3 ახალი სიმღერაც დააანონსა.
მზია, როგორი ისტორია აქვს სიმღერას „ბოშა ქალი“ ?
ქალბატონ დალი ყარაულაშვილის, ძალიან ნიჭიერი პოეტის კრებული შევიძინე და ტექსტები, რომ ვნახე, ვიფიქრე, რომ ყველა ჩემი გულის ამოძახილი იყო, ძალიან ახლოს იყო და ახლაც არის ჩემს შინაგან სამყაროსთან. კრებული ჩემს მაესტროს მივუტანე, გადახედა და ეს ამოარჩია. ეს არ არის ერთადერთი ტექსტი, რომელიც ქალბატონი დალის ლექსზე შეიქმნა, კიდევ არის სხვაც და ეტაპობრივად გავაჟღერებ. დიდი მადლობა ბატონ ვოვა მაჩიტაძეს ამ სიმღერისათვის, ქალბატონ დალი ყარაულაშვილს ასეთი ლექსის შექმნისთვის და მადლობა ყველას, ვინც ჩემი მსმენელია, ვისაც მოვწონვარ და ასე ძალიან შემიყვარა, ამას ყოველდღე ვგრძნობ.
თუ იფიქრებდით, რომ ეს სიმღერა ასეთ პოპულარობას მოგიტანდათ?
ეს სიმღერა, როცა დაიწერა მე 22-23 წლის ვიყავი და მაშინ ავტორმა მე მომარგო ეს ნამუშევარი. ეს არ არის 53 წლის ქალის სამღერი, ეს არის ბავშვის სამღერი სიმღერა და ამიტომ აიტაცეს. 30 წელი ელოდებოდა „ბოშა ქალი“ გაჰიტებას. ცხოვრება ისეა, რომ სასურველ დროს, სასურველ ადგილზე უნდა მოხვდე და მერე ყველაფერი ისე წავა, როგორც უნდა წავიდეს.
როდის ჩაიწერა ეს სიმღერა და პირველად სად გაჟღერდა?
ეს სიმღერა პირველად 1994 წელს გაჟღერდა და ამის სიგელიც მაქვს. იყო ასეთი კონკურსი „პრესტიჟ შოუ“, რომელიც ტარდებოდა თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ქალბატონი მანანა თოდაძე და ბატონი ბორის შხიანი ატარებდნენ მას. მაშინ ამ სიმღერით მეორე საპატიო ადგილი ავიღე. მერე უკვე მორჩა, გაჩერდა და შარშან ზაფხულს, დედაჩემის დაჟინებული თხოვნით, დავიწყე ძველი სიმღერების გაახლება, რომ არ დაკარგულიყო. ვოკალი ერეკლე დიდიასთან ჩავწერეთ. არანჟირება ბატონ ვოვა მაჩიტაძეს ეკუთვნის. არანჟირება ახალი არ არის, რვა წლის წინანდელია. ჩავწერეთ სიმღერა და უბრალო ვიდეო რგოლი გადავიღეთ წყალტუბოში. არ მიფიქრია, ეს სიმღერა რას იზამდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, ძალიან მოეწონათ ბავშვებს.
როგორც ვიცი, სტეფანემაც აიტაცა ეს სიმღერა…
კი სტეფანემაც აიტაცა და არა მარტო სტეფანემ, დომენიკ მანგომ და კიდევ სხვებმა, ახლა ზუსტად არ მახსენდება. მოეწონათ. თავიდან სიცილები მოჰყვა ბევრი და მე ვერ მივხვდი, რა აცინებდათ. ალბათ, ის აცინებდათ, რომ მე ამხელა ქალი ბავშვური ხასიათის სიმღერას ვმღეროდი. ეს ისე მოულოდნელად მოხდა, მზად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ვეჩვევი. ახლა ისეთი სტიმული მაქვს, რომ ძალიან ბევრჯერ და ძალიან დიდხანს გავახარებ ჩემს მსმენელს.
მუშაობთ ახალ სიმღერებზე?
3 სიმღერაზე ვმუშაობ ერთად და სულ რამდენიმე დღეში დამთავრდება. ერთი სიმღერა იქნება „დედაო ღვთისავ“ , რომელიც 1988 წელს დაიწერა ჩემთვის. სიმღერის ავტორი ბატონი ნუგზარ ედილაშვილია, ტექსტის ავტორი დოდო გვიშიანია. არის ძალიან ლამაზი, ამაღლებული სიმღერა ღვთის მშობელზე. ასე რომ, მე „ბოშა ქალით“ არ დამიწყია სიმღერა და დამიმთავრებია სიმღერა, არის უამრავი ლამაზი სიმღერა, რომელსაც მე მანამდეც და მის შემდეგაც ვმღეროდი. რაც შეეხება მეორე ახალ სიმღერას, ჩემი მაესტროს, ვოვა მაჩიტაძის სიმღერა „ნუ გამწირავ“ გავაახლე, რომელიც ერეკლე დიდიასთან კეთდება. 1999 წელს ერთადერთი კლიპი მაქვს გადაღებული გიგა კვენეტაძის სიმღერაზე, „სიყვარულს, რომელსაც ვეძებ“ და ახლა, მისი ელექტრონული, რემიქს ვერსია კეთდება ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში. კიდევ ერთი ანონსი შემიძლია გავაჟღერო. ამ დილით ქალბატონმა ეკა თარგამაძემ ახალი სიმღერა ჩამიგდო და ეს ჩემი სულის ამოძახილი, საზოგადოების მიმართ ჩემი პასუხი იქნება, იმდენად დრამატული და სულში ჩამწვდომია.
მზია გეწაძე – ბოშა ქალო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მზია გეწაძე – ნუ განკითხავთ ლამაზ ქალს. Live
მზია გეწაძე. ვიდეო კოლაჟი