„ბოშა ქალო“ დღეს ერთ-ერთი ჰიტია საქართველოში. მას ქუთაისელი მომღერალი, მზია გეწაძე ასრულებს. 53 წლის ასაკში მასთან ნანატრი პოპულარობა მივიდა, თუმცა აქამდე ურთულესი გზა გამოიარა. fortuna.ge-მ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
ქალბატონო მზია, როგორ უყურებთ იმ დიდ წარმატებას, რაც ჰიტმა „ბოშა ქალო“ მოგიტანათ?
გამოვიარე ურთულესი ცხოვრების გზა. ვარ მარტოხელა დედა. გავზარდე შვილი, დავაოჯახე. რაც შეეხება ჩემს წარმატებას, აბსოლუტურად წარმოუდგენელია ისეთ წლებში, როგორშიც მე ვარ, ანუ 53 წლის ასაკში. იმას, რასაც ახლა ვაკეთებ, 30 წლის წინ უნდა მეკეთებინა და ვაკეთებდი კიდეც, რომ არა ჩემი გათხოვება. როცა ქალი საქართველოში თხოვდება, მისთვის ყველაფერი მთავრდება. უწინ ასე იყო. კარიერა მთავრდებოდა და იწყებდა სხვა ცხოვრებას. ყველაფერი, რაც მანამდე მიკეთებია, წყალში ჩაიყარა.
პანდემიამ რომ გადაიარა და აზრზე მოვედი, სხვანაირად შევხედე ამ ცხოვრებას. გადავწყვიტე, რასაც 25 წლამდე, ანუ გათხოვებამდე ვაკეთებდი, ის საქმე უნდა გამეგრძელებინა. გავაკეთე „ბოშა ქალო“, ეს იყო მესამე სიმღერა, რომელიც ავტვირთე „იუთუბზე“. ჩემდა გასაოცრად, რამდენიმე თვის შემდეგ ეს სიმღერა ყველამ იცოდა.
როგორ შეხვდით უცებ მოსულ პოპულარობას?
პოპულარობა რა თქმა უნდა, მინდოდა და ამისთვის მთელი ცხოვრება ვემზადებოდი, მაგრამ ეს სიმღერა გამიჰიტდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი, რადგან იქ არის სიტყვა „მიმკითხავე“. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ერი, ლოცვას ვამბობთ, აღსარებას, ვეზიარებით და მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს სიმღერა გაჰიტდებოდა. მხიარული ტექსტია, მაგრამ მის მიღმა ქალის იმხელა სევდა იმალება – იცის, რომ ატყუებენ, მაგრამ იმ ლამაზი ტყუილებით საზრდოობს და ცხოვრობს.
თქვენს პირად ცხოვრებაზე, მეუღლესთან დაშორებაზე და მძიმე წლებზე საჯაროდ ისაუბრეთ, თუ გიკავშირდებიან ქალები, რომლებსაც თქვენი მსგავსი ისტორიები აქვთ?
„მთავარ არხზე“ ჩემი ინტერვიუ რომ გავიდა, სადაც მოვყევი, როგორ გადმომაყარა თავზე ტანსაცმელი მეუღლემ, იმდენი ნახვა ჰქონდა და ისეთი სოლიდარული კომენტარები წავიკითხე, არ ვიცი, სიმღერაზე მეტად, შეიძლება, ჩემი პიროვნული და ცხოვრებისეული მომენტები უფრო ახლობელი გახდა ადამიანებისთვის. პირადად არავის მოუწერია, მაგრამ საჯაროდ ბევრმა დააფიქსირა თავისი აზრი.
თქვენ გკითხეს, რას ეტყოდით თქვენს მეუღლეს ახლა…
თუ ბიჭი ხარ, მოდი და ახლა გადმომაყარე თავზე ტანსაცმელი-მეთქი…
ხომ არ შემოგხმიანებიათ? რას ფიქრობს თქვენს პოპულარობაზე?
წლებია, თვალით არ მინახავს. მგონი, საერთოდ აზრზე არაა. ტელევიზორსაც არ უყურებს, არც ინტერნეტში შემხვედრია. არ მაინტერესებს მისი არსებობა. ადამიანს მის სახელზე გავუზარდე შვილი. ჩემი შვილი ახლა 27 წლისაა. მამამისი ერთხელ არ მოსულა შვილთან და არ ნახა, სანამ ჩემი ბიჭი თვითონ არ მივიდა მასთან. არაფერი მსმენია მისი გამოხმაურების შესახებ. საერთოდ არაფერი ვიცი მასზე.
ამბობთ, რომ საზოგადოება ქმართან გაშორების შემდეგ საკმაოდ მკაცრად განგსჯიდათ…
ქუთაისში, ჩემს ქალაქში, ჩემივე ახლობლებმა განმსაჯეს, განა უცხოებმა?! რადგან გაცილება სირცხვილად მიიჩნეოდა. მე ამ სირცხვილს გადავაბიჯე. ადამიანმა დამარტყა და არ მინდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი, სექსით დავკავებულიყავი, მეძახა, მიყვარხარ-მეთქი, მერე კი მას ჩემთვის დაერტყა. რადგან ერთხელ გააკეთა, მერეც გააკეთებდა. რა ვიცი, მეორედ რომ არ გაიმეორებდა ამავეს?
ის ადამიანები, ვინც თქვენ მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი, დღეს რას ამბობენ?
ამ ადამიანების აზრი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვიცი ერთი ქალბატონის აზრი – ჩემი მეუღლის დეიდის. მას დღემდე ვეკონტაქტები. უნახავს გადაცემა და დამირეკა, მზია, როგორ მატირეო… თავიდან ისიც ძალიან ცუდად იყო განწყობილი, ტალახი მესროლეს და გამლანძღეს. წლების მერე მიხვდა, რატომ წამოვედი და მითხრა, მართალი იყავი, უნდა წასულიყავი და შენი შვილი უნდა გაგეზარდაო. გადაცემის შემდეგ დამირეკა და მითხრა, კარგი გოგო ხარ, რადგან ყველაფერი მოყევიო, თუმცა დაამატა, ისინი მაინც ვერ გაიგებენ ვერაფერსო…
ქალბატონო მზია, მეორედ გათხოვებაზე არ გიფიქრიათ?
აღარ გავთხოვილვარ.
დღეს როგორ უყურებთ ამ შესაძლებლობას?
დღეს – სულ სხვანაირად. დავაწყვე, დავალაგე ჩემი ცხოვრება, ამოვედი ჭაობიდან და სიბინძურიდან, სადაც ჩამაგდეს და ჩემი სახელი შელახეს. მე ახლა ჩემი სახელიც მაქვს, ჩემი ქალობაც, პროფესიაც, განათლებაც, სახლ-კარი, ჩემი შვილი მყავს, რძალი და შვილიშვილი. ახლა მე შემიძლია გავთხოვდე. ყველას მივხედე და დავაბინავე. ახლა ჩემს თავს უნდა მივხედო. თუ ღირსეული მამაკაცი გამოჩნდება, გამიგებს და ჩემს წარსულს არ წამომაძახებს, ვეყვარები, სიამოვნებით შევქმნი ოჯახს. რა თქმა უნდა, მეც უნდა მიყვარდეს და უნდა იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი. იმდენჯერ მიშიმშილია, ჩემო ძვირფასო, მეტი შიმშილობა აღარ შემიძლია!.. ქმრის ოჯახში შიმშილობა იყო და მამაჩემი გვარჩენდა, შემდეგ, როცა მეუღლეს გავცილდი, სანამ რესტორანში არ დავიწყე ათ ლარზე მუშაობა, მანამდე სახლში საჭმელი არ მქონდა. პანდემიის დროსაც ყველაფერი დაიკეტა და დავრჩი ჰაერში, უსამსახუროდ და უფულოდ. ჩემი ახლობლები მარჩენდნენ…
ახლა ძალიან ბევრი შემოთავაზება გაქვთ, კლუბებში გიწვევენ და გამოდიხართ ახალგაზრდების წინაშე…
ყველაზე მეტად მიხარია, რომ ბავშვებმა ამიტაცეს. მე ასაკობრივი ბარიერი არასდროს მქონია. როცა მათ ბედნიერ სახეებს ვუყურებ, ეს მეც მაბედნიერებს. მე გავცემ იმას, რაც მათ სურთ.
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი