რატომ შეიცვალა ფინანსური კუთხით მზია გეწაძის ცხოვრება უარესობისკენ პოპულარობის შემდეგ, რის გამო აღმოჩნდა ის რთულ მდგომარეობაში და რა გეგმა აქვს სამომავლოდ, „ბოშა ქალის“ შემსრულებელი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.
მზია გეწაძე: ფული არსებობისთვის აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს, რომლის გარეშეც ვერ იცხოვრებ. ფული არ არის ლამაზი ქალი, რომ შეგიყვარდეს, მაგრამ საჭიროებას ნამდვილად წარმოადგენს.
პირველად მუშაობა 28 წლის ასაკში დავიწყე ქუთაისში პედაგოგად. დასაწყისში მხოლოდ ორთვიანი წყვეტა მქონდა და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ, სულ ვმუშაობდი. დღეს სამსახური აღარ მაქვს. „სიცრუის დეტექტორში“ ჩემი გამოსვლის შემდეგ რესტორანში მოვიდა ერთი ქალბატონი დაბადების დღის აღსანიშნავად და უთქვამს, მზიამ არ იმღეროსო. დირექტორი დათანხმდა. ჩემ გვერდით ბიჭები მუშაობდნენ, მათაც თავი დაუხარეს, კარგი, არ იმღეროს მზიამო. გადამიწყვიტეს, რა უნდა მექნა. ეს რომ გავიგე, ძალიან გავნერვიულდი. შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. 24 წელი ვიმუშავე რესტორანში და ასეთი შემთხვევა არ მქონია. ძალიან მეწყინა. იმ ქალისგან კი არ მეწყინა, თანამშრომლებისგან არ ველოდი. მე მათ გვერდით წლები გავატარე. იქ, სადაც მზია არ უნდათ, მეც არ მინდა. ჩვენ ვმეგობრობდით, ერთი ჯამიდან ვჭამდით. ეს იგივეა, ოჯახის წევრმა რომ გაგყიდოს. იმ ქალისაც გამიკვირდა, თუ ჩემი სიმღერის მოსმენა არ უნდოდა, რაღა ჩვენთან მოდიოდა?! მერე გავიგე, თურმე, ეს ქალბატონი ავტოსკოლაში მართვას ასწავლის. მე მის საქმიანობას არ ვაკნინებ, მაგრამ ჯობს, ყველამ თავის პროფესიას მიხედოს და ნურავინ შეეცდება, სხვას ასე მოექცეს.
– მას შემდეგ სამსახური არ გაქვთ?
– არა, მას შემდეგ უმუშევარი ვარ. ძალიან მიჭირს თავის რჩენა. საშინელ დღეში ვარ, გაწამებული. ამას ვერც ვამბობ. ტელევიზიები რომ დამირეკავენ და მეპატიჟებიან, ახალი სამოსი მჭირდება, სამგზავრო ფული, შემოქმედი ადამიანი ვარ, ახალი სიმღერა მჭირდება, მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში ვარ. ფინანსურად საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ამას რომ თავი დავანებოთ, არსებობა ხომ მჭირდება?! მუსიკოსების ჯგუფში დავწერე, სამსახურს ვეძებ-მეთქი. საშინელი კომენტარები დამიწერეს ახალგაზრდა გოგონებმა. მათი სიტყვები ძალიან ცუდად მომხვდა გულზე. თქვენ ამდენი წელია, წიწკინებთ რესტორანში და ახლა ახალგაზრდებს დაუთმეთ გზაო. მერე პირადში მივწერე ერთს, შვილო, შენც მოხვალ ჩემს ასაკამდე და ნახავ, თუ არ დაგჭირდება ჭამა, სმა, ან სადმე წასვლა და სამსახური ამ ყველაფრისთვის-მეთქი. მე პოპულარული გავხდი, კი არ მოვმკვდარვარ, რომ აღარაფერი მჭირდებოდეს.
– გამოდის, რომ პოპულარობამ არასასურველი შედეგი მოიტანა?
– სახლში ვზივარ ისიც იმის ხარჯზე, რომ ქუთაისში ბინა მაქვს გაქირავებული, ამით ვჭამ საჭმელს. მშობლები გარდამეცვალნენ, ქმარი მე არ მყავს და საყვარელი. შვილს თავისი ოჯახი აქვს, თავისი პასუხისმგებლობები აკისრია. ქუთაისში ფულის გადახდა არავის უნდა. ჩემი ერთადერთი ხსნა თბილისია. რამდენჯერაც თბილისში მომიწვიეს, დაფასებაც იყო, პატივისცემაც და ანაზღაურებაც. მე კი ვიცი, რომ ჩემი ადგილი ყოველთვის იყო და არის თბილისში, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე გადმოსვლა.