LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზის შუქი სცენიდან“ – ლელა სიხარულიძე: ტრაგიკულად დაღუპული ვარსკვლავი, რომელიც გულებში დარჩა

475
ლელა სიხარულიძე

იყო დრო, როდესაც სცენაზე გამოსვლისას, ლელა სიხარულიძის ხმას მხოლოდ სიმღერა არ მოჰქონდა, მას თან მოჰქონდა სინათლე, სითბო და ნამდვილი ემოცია. მისი შესრულება გულს ეხებოდა, მისი ხმაც – სულს. ხალხი მას „სცენის მზეს“ უწოდებდა, რადგან ისე ანათებდა, თითქოს იცოდა, რომ მისი დრო ამ ქვეყნად ხანმოკლე იქნებოდა…

ლელა სიხარულიძის კარიერა პიონერთა სასახლიდან, ციცინო ციცქიშვილის მუსიკალური კლასიდან დაიწყო. ჯერ კიდევ პატარა გოგონა ჩუმად დადიოდა ბუბა კიკაბიძესთან სიმღერის შესასწავლად და ასე მოხვდა ანსამბლ „რეროში“. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბნელ 90-იანებში პირველი საკონცერტო შოუ ულამაზესმა ქერათმიანმა, მწვანეთვალება, ტკბილხმოვანმა ლელა სიხარულიძემ დადგა. ბევრს დღემდე ახსოვს „ბერიკონში” გამართული მისი სოლოკონცერტი, რომელსაც ინტერვიუში ლელას ახლო მეგობარი დიზაინერი მარინა ხორავა იხსენებს:

„იმ პერიოდისთვის ეს პირველი კოსტიუმირებული კონცერტი იყო საქართველოში. 1998 წელს ჩატარდა, მის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, თუმცა კონცერტისთვის მზადება და მუშაობა 1997 წელს დავიწყეთ, სიმღერების ჩაწერა, კოსტიუმების შეკერვა, ყოველთვის საოცრად მოწესრიგებული მოდიოდა. ვფიქრობდით, ვმსჯელობდით, განვიხილავდით, რა როგორი გვინდოდა. ყველა სამ სიმღერაში, ახალი კოსტიუმი ჰქონდა. ამას ხომ დრო უნდოდა? ერთ-ერთი მწვანე კაბა, მკერდზე ბევრი ყვავილით გაფორმდა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ამ კაბით დაიკრძალა. ისეთი შთამბეჭდავი იყო შაბიამნისფერი კაბაც, რაღაც გრანდიოზული. იმ კოსტიუმების კეთების პროცესში ბედნიერი იყო.

კონცერტის რეჟისორი დავით დოიაშვილი გახლდათ. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, თუმცა მანამდე ძალიან ნერვიულობდა, უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა, თან, ბედნიერი იყო. გარდა იმისა, რომ უნდა ემღერა, თან კულისებში კოსტიუმების გამოცვლა უწევდა. უნდოდა, ყველაფერი მაღალ ხარისხში ჰქონოდა და მისი ემოციები გასაგები იყო. მეორე კონცერტი „ოქროს ნალში“ ჩატარდა, მაშინაც ისეთივე განცდები ჰქონდა, ის სხვა მასშტაბის და სხვა ფორმატის კონცერტი გახლდათ. სტუმრებს, როგორც დიასახლისი, ისე ხვდებოდა, თან სუფრასთან უმასპინძლდებოდა, თან მღეროდა. ორ კვირაში კი, მოხდა ის, რაც მოხდა“, – იხსენებს მარინა ხორავა ambebi. ge-სთან ინტერვიუში.

სწორედ მისი მოგონებებით არის შესაძლებელი ბევრი საინტერესო ფაქტის აღდგენა ლელას ცხოვრებიდან. ამბობენ, რომ ფილარმონიაში დიდი კონცერტზე ოცნებობდა, თან ნერვიულობდა, ნეტავ, დარბაზი გაივსებაო? სიცოცხლეში ვერ მოასწრო. აი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, სწორედ ფილარმონიაში გაიმართა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, დარბაზი გადაივსო, ხალხი კიბეებზე იჯდა. ლელას სიმღერებს ქართული ესტრადის ვარსკვლავები ასრულებდნენ.

სანამ ლელას სიცოცხლის ბოლო დღეებს გავიხსენებთ, მოდით ვთქვათ, როგორი იყო ის, როგორც ადამიანი. როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, საშინლად არ უყვარდა ჭორაობა, არასოდეს არავის განიკითხავდა. იყო რთულიც, მასთან ურთიერთობა არ იყო მარტივი, ძალიან უყვარდა თავისი მეგობრები, მაგრამ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყველასგან. იყო საოცრად ნიჭიერი, მშრომელი და შემტევი ხასიათის ადამიანი, თუ რამეს დაისახავდა მიზნად, საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანდა.

ლელას ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი თამუნა მოსიძემ რომელიც საოცრად ჰგავს დედას.

თამუნა დედის ტრაგედიაზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა არსებობს რამდენიმე წლის წინანდელი ინტერვიუ, სადაც თამუნა დედასთან შეხვედრის ბოლო დღეს იხსენებს.

„ზაფხული იყო, აგვისტო. მე და ბებია-ბაბუა გურიაში ვიყავით, მოვიდა ნათესავი და გვითხრა, რომ ლელას ხელი დაეწვა და უნდა, დედა მის გვერდით იყოსო. ბებია მიხვდა, რომ რაღაც სერიოზული იყო მის თავს. 17 აგვისტო იყო. მანამდე კი, 12 ივნისს სიზმარი დამესიზმრა, ლელას ხელში ჯვარი ეჭირა, კიბეზე ადიოდა, უცებ ჯვარი გაუვარდა და გატყდა. მაშინვე ეს სიზმარი ყველას მოვუყევი. სახე არ ჰქონდა დამწვარი, ცეცხლის ალისგან ორგანოები დაუზიანდა. მე ერთი კვირა დედასთან ვერ შევედი, არ მინდოდა, ასეთ მდგომარეობაში მენახა. ემოციურად ცუდად იყო. რომ დამშვიდდა, შემიყვანეს, ეძინა. შევედი და მორიდებით დავდექი, გადმომხედა. მეშინოდა და ვუცხოობდი, არ უნდა მაკოცოო, ხელში ამიყვანა და ვაკოცე, ასეთ მდგომარეობაში ინტერვიუებს იძლეოდა, ერთადერთი პრობლემა ჰქონდა, დამწვრობის რამე კვალი ხომ არ დამეტყობაო? როგორც ვიცი, ნანი ბრეგვაძე დაჰპირდა, საზღვარგარეთ კლინიკაში წაგიყვან და პლასტიკურ ოპერაციას გაგიკეთებენო. ექიმმა თქვა, სამ დღეზე მეტხანს ვერ იცოცხლებსო, დედამ 36 დღე გაძლო“ – იხსენებს ინტერვიუში ლელას ქალიშვილი, თამარ მოსიძე. ლელას გარდაცვალების უამრავი ვერსია არსებობს, ჩვენ მათზე ახლა არ ვისაუბრებთ.

სულ ზევით ზევით” და „სულ ყველაზე ლამაზი” – მამუკა ჩარკვიანის ეს სიმღერები ლელა სიხარულიძის შემოქმედების სავიზიტო ბარათია, თუმცა მის შემოქმედებაში უამრავი სხვა სიმღერაა, რომელსაც მხოლოდ ლელა მღეროდა ისე, როგორც სხვა ვერავინ.

ლელა სიხარულიძის ხმა მხოლოდ სიმღერა არ არის, ეს არის ეპოქა, უამრავი ადამიანისთვის ეს არის მოგონება, ბავშვობის სურნელი, პირველი სიყვარული და ერთიანად განცდილი საქართველო. მის მუსიკაში გაჩერებულია დრო, სადაც ყველა სიმღერა გულით არის დაწერილი და გულიდან მოდის. დღესაც, როდესაც მისი მელოდიები ეთერში იღვრება, გულებში ისევ იმ სითბოს იღვიძებს, რაც მხოლოდ ნამდვილი ხელოვანის შემოქმედებას შეუძლია. ლელა სიხარულიძე არამხოლოდ სცენაზე, არამედ ჩვენს გულებში დარჩა, როგორც სინათლე, სიჩუმეში ჩასმული.

magti 5g