LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგური გარდაბნის მუნიციპალიტეტში აიგება

121
12

ეკონომიკის სამინისტროში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანიას „მასდარსა“ და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც საქართველოში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს  საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და კომპანია „მასდარის“ დირექტორმა მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰმა.

ხელმოწერის დასრულების შემდეგ, „მასდარის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა  ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ  რომეო მიქაუტაძემ. შეხვედრას და ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელი მუნირა ალმარზოოქი.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მზის ახალი ელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება, შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას. მისივე თქმით,  უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმება და ტექნიკურ ეკონომიკური კვლევების განხორციელება.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს, მთავრობის მხარდაჭერას განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით და მიმდინარე პროექტის პარალელურად, სამომავლო თანამშრომლობის  პერსპექტივები განიხილეს.