ექიმი გიორგი ოდიშვილი სოციალურ ქსელში მზისგან დამცავი კრემების მნიშვნელობაზე საუბრობს და განმარტავს, თუ რას ნიშნავს SPF-ის მაჩვენებელი, რომელიც დამცავი საშუალებების შეფუთვაზეა დატანილი.
მისი თქმით, მზისგან დამცავი კრემები არა მხოლოდ კანის ავთვისებიანი დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს, არამედ დაბერების საწინააღმდეგო ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებადაც მიიჩნევა.
„გარდა იმ ეფექტისა, რომ მზისგან დამცავი კრემები გვიცავენ ავთვისებიანი დაავადებებისგან, მზისგან დამცავი კრემი საუკეთესო „ანტიეიჯინგ” საშუალებაა, რომელიც ადამიანს შეუძლია გამოიყენოს,“ – აცხადებს გიორგი ოდიშვილი.
ექიმი ასევე განმარტავს, რომ SPF-ის მაჩვენებელი პროცენტულობას არ უკავშირდება. მისი თქმით, ეს ინდიკატორი აჩვენებს, რამდენჯერ უფრო დიდხანს შეუძლია ადამიანს მზეზე ყოფნა დამწვრობის მიღების გარეშე.
„თუ დამცავი კრემის გარეშე ადამიანს მზისგან დამწვრობა 10 წუთში უვითარდება, SPF 30 ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მას 30-ჯერ უფრო ხანგრძლივად, ანუ დაახლოებით 300 წუთის განმავლობაში შეუძლია მზეზე გაჩერდეს. SPF 50-ის შემთხვევაში ეს დრო 500 წუთამდე იზრდება, ხოლო SPF 100-ის შემთხვევაში – 1000 წუთამდე,“ – განმარტავს ექიმი.
