LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზრუნველი მშობელი, ანუ რა არის მშობლის პასუხისმგებლობა და რა კეთილი ნება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

65
7rceva

რა არის მშობლის პასუხისმგებლობა და რა კეთილი ნება, რა უნდა ასწავლოს მშობელმა შვილს – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ პოზიტიურმა ფსიქოკონსულტანტმა ციცი ხაზიურმა ისაუბრა.

რაში გამოიხატება ზრუნვა?

მშობლობა დიდი პასუხისმგებლობაა. ბუნებრივია, ყველას უნდა, რომ იყოს კარგი მშობელი და კარგი შვილიც გაზარდოს. იმისათვის, რომ პიროვნება გავზარდოთ, თავად უნდა ვიყოთ პიროვნება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ დედას უპირობოდ უყვარს, მაგრამ არაა მისი სურვილების უპირობო შემსრულებელი.

მაგალითად, მშობელი ვალდებულია შვილზე იზრუნოს, განათლება მისცეს, მაგრამ არაა ვალდებული ფასიან სკოლაში ატაროს. მშობელი ვალდებულია ბავშვს არ შიოდეს, მაგრამ არ არის ვალდებული ატაროს რესტორანში, ვალდებულია – ბავშვს ეცვას ფეხსაცმელი, მაგრამ არ არის ვალდებული ჩააცვას ძვირადღირებული ფეხსაცმელი. მშობელი  უნდა ინარჩუნებდეს საკუთარ “მეს”, თავის ინტერესებს. ამ გაცნობიერებამდე ბავშვი ნელა და უმტკივნეულოდ უნდა მივიყვანოთ, ბავშვის ასაკობრივი განვითარების ეტაპების გათვალისწინებით. ეგოცენტრულ ეტაპზე რბილად მივანიშნებთ, რომ მართალია, მას უნდა შოკოლადი, მაგრამ დედასაც უნდა. ამით ვაჩვევთ განაწილებას და სხვისი კმაყოფილებით სიხარულს. ამაზეა მიბმული მადლიერებაც.

ეს ის ემოციონალური უნარია, რომელიც მიბაძვით ისწავლება. თუ დედა ესალმება ყველას, შვილიც სწავლობს სალამს, თუ დედა მადლობას ხშირად იხდის, შვილიც გაიმეორებს. ემოციური უნდა იყოს ბოდიშიც: “ვნანობ, რომ ვერ შევძელი”.

რამდენად საყურადღებოა ემოციური კავშირი შვილთან და რას უწყობს ეს ხელს?

ემოციურ კავშირზეა დამოკიდებული, რამდენად ჯანსაღი ფსიქიკის პიროვნება გაიზრდება. როგორი მოუცლელიც არ უნდა იყოს დედა, სასურველია, მან შეძლოს, ძილის წინ ჩაიხუტოს შვილი და მოუყვეს ზღაპარი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უფრო დიდი, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს:

1. კომუნიკაცია დედასთან და ბავშვის მიერ გააზრება, რომ დედა მხოლოდ მისია ამჟამად, ის იღებს სიყვარულის დიდ, გაუნაწილებელ დოზას, რაც ასე სჭირდება(ჯანსაღი მიჯაჭვულობა), რათა შემდეგ ენდოს ადამიანებს, ენდოს საკუთარ თავს და სამყაროს…

2. ბავშვი ისმენს ზღაპარს და იზრდება მისი თვალსაწიერი, ვითარდება მისი წარმოსახვა. წარმოსახვაზეა მიბმული ემპათიაც. თუ ეს არაა ბავშვში, არ ხდება ემოციური ინტელექტის განვითარება და მას ეადვილება უკვე ზრდასრულობისას იყოს სასტიკი.

ზრდასთან ერთად თუ ზღაპარს წიგნის კითხვით ჩავანაცვლებთ, დიდ სამსახურს გავუწევთ მას, საკუთარ თავს და სამყაროსაც.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები