პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვოს.
როგორც დოლიძე აღნიშნავს, სააკაშვილი უნდა გასამართლდეს, თუმცა ამავე დროს დაცული უნდა იყოს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება:
“დღევანდელ ვითარებაში რთულია გაარკვიო სიმართლე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თუ მოვუსმენთ ორ პოლუსს, ვითარება და სიმართლე რადიკალურად განსხვავებულია.
ერთი მხრივ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცუდია და ის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ექვემდებარება, მეორე მხრივ, გვაქვს სიძულვილის, ღარიბაშვილის რიტორიკა, რომლისთვისაც ეს საკითხი პირად ინტერესს უფრო წარმოადგენს, ვიდრე სამართლიანობის ინტერესს.
ჩვენ არ გვჯერა, რომ “ქართულ ოცნებას” და პირადად ღარიბაშვილს გააზრებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ეკისრებათ საკააშვილის პატიმრობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს, მაგრამ ამავე დროს, დაცული უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ “ნაციონალურ მოძრაობას”, დაუყოვნებლივ გამოიყენოს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი დროებითი პროცედურა. მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს და მოითხოვოს სააკაშვილის გადაყვანა, მისი მოთხოვნის შესაბამისად, სამოქალაქო საავადმყოფოში. 39-ე მუხლით დადგენილი დროებითი პროცედურით, სტრასბურგის სასამართლო დაუყოვნებლივ იხილავს საქმეებს, როდესაც საქმე ეხება მხარის ჯანმრთელობას, სიცოცხლის და გადარჩენის საკითხებს.” – აცხადებს დოლიძე.
მისივე თქმით, სწორედ ეს დაადგენს სიმართლეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ეს იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც დაემორჩილება ორივე მხარე.
