“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ორ ოპონენტ პოლიტიკურ პარტიასთან – “ნაციონალურ მოძრაობასთან” და გიორგი გახარიას ახალ გუნდთან კოალიცია გამორიცხულია.
ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ის ღირებულებითი შეუთავსებლობა, რაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” აქვთ, მომავალშიც არ აღმოიფხვრება.
გიორგი გახარიაზე საუბრის დროს კი აღნიშნავს, რომ თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერ:
“რაც შეეხება პოტენციურ კოალიციურ პარტნიორობას პარტიებთან – რა თქმა უნდა, “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიცია არის აბსოლუტურად გამორიცხული. დარწმუნებული ვართ, ის ღირებულებითი შეუთავსებლობა, რაც გვაქვს ამ პარტიასთან, მომავალშიც არ აღმოიფხვრება. აქედან გამომდინარე თეორიულადაც წარმოუდგენელია ასეთი კოალიცია, ისინი ვერ შეიცვლებიან.
რაც შეეხება გახარიას, არსებობს მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ არ რიგდება მოღალატესთან, აქედან გამომდინარე ეს გამორიცხულია. პოლიტიკაში, თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა.” – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ამავე ბრიფინგზე კობახიძემ “ქართული ოცნების” მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დასახელებული მერობის კანდიდატები წარადგინა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს თავად ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. თბილისში პარტიის საარჩევნო კამპანიის ლიდერი მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ქვეყნის მასშტაბით კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.