„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის წევრის და თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრის, ზვიად კუპრავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზვიად კუპრავა დააკავა
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „მოღალატე კრიმინალთა რუსული ბანდა პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებს აგრძელებს“.
„დღეს მათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ყველა წითელი ხაზი წაშლილია. ისინი მოსვლის დღიდანვე არ აღიარებენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ზღუდავენ კონსტიტუციურ უფლებებს და ჩვენს მოქალაქეებს პოლიტიკური განცხადებების გამო ციხეში უშვებენ.
ივანიშვილის ბანდას შიში 4 ოქტომბრის მოახლოებამ კიდევ უფრო გაუმძაფრა, ამიტომ მნიშვნელოვანია დარჩენილ დღეებში არ ავყვეთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პროვოკაციებს.
4 ოქტომბერს ქართველი ხალხი იკრიბება რუსთაველის გამზირზე, სადაც რუსეთის მარიონეტულ ხელისუფლებას თავის სათქმელს მშვიდობიანად, კანონიერად, კონსტიტუციურად ეტყვის! ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო სულ მალე მოეღება, ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდება და დავუბრუნდებით ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული, ღირსეული საქართველოს მშენებლობას!“, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზვიად კუპრავა დააკავა. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა. უწყების განმარტებით, კუპრავას დაკავება უკავშირდება არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას.
როგორც სუს-ში განაცხადეს, კუპრავამ ჩაიდინა სსსკ-ის 317-ე, 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს.