„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა არასწორია,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ქვეყანაში გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებების საფუძველი გახდება. როგორც დეპუტატმა განაცხადა, მან არ იცის, საბოლოოდ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ ჩამოყალიბდება, მაგრამ როგორც სამადაშვილმა თქვა, მათ პარლამენტში შესვლაზე კატეგორიული პოზიცია ჰქონდათ და ამ პოზიციას გადახედეს.
„ახლა კატეგორიული პოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე აქვთ. მივიჩნევ, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, რადგან ეს დოკუმენტი ქვეყანაში გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებების საფუძველი გახდება,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, ქართველი ხალხი ადეკვატურად დააფასებს იმ პოლიტიკური მოთამაშეების გადაწყვეტილებას, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა.
„ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, რა პოზიციას დაიკავებენ. ვფიქრობ, რომ ეს არ მათ პოზიციონირებას არც საერთაშორისო ასპარეზზე დაეხმარება და არც ქვეყნის შიგნით.
მივიჩნევ, რომ პარლამენტში სრულფასოვანი მუშაობის უფლება ყველა ოპოზიციონერს უნდა ჰქონდეს, მათთვის საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვას სწორი არ მგონია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმას, უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მივიჩნევ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა, თუმცა, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს