„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შინაგან სამინისტროს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის მესამე განყოფილების ბაზა მდებარეობს, ერთ საათზე მეტია სამართალდამცავების მობილიზება შეინიშნება.
ბაზის ტერიტორიაზე უწყების რამდენიმე ასეული მსუბუქი მანქანა შევიდა. ადგილზე მობილიზებულია ავტობუსებიც, თუმცა ისინი ამ დროისთვის ცარიელია. არსებული ინფორმაციით, ბაზის ტერიტორიაზე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძეც.
შსს უარყოფს ნიკა მელიას საქმის გამო სპეცრაზმის მობილიზებას. მათი განმარტებით, გავრცელებული კადრები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეა გადაღებული, სადაც თანამშრომლები ყოველ დღე გადაადგილდებიან. უწყების ცნობით ეს კავშირში არ არის ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან და დღეს განსაკუთრებული აღნიშნულ ბაზაზე არაფერი ხდება.