„თქვენ დაგვაკარგვინეთ ტერიტორიების 20 პროცენტი. „ნაცმოძრაობამ“, სააკაშვილის მთავრობამ, შემოაბრუნა რუსული ჯარი, რითაც მათ ქვეყნის ოკუპაცია დააკანონეს,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა მოქალაქეების მუდმივი ჩაგვრა, ტერორი, წამება, არაადამიანური მოპყრობა ციხეებში თუ ციხის გარეთ.
„ოპონენტებისგან სხვა რა უნდა მომესმინა, თუ არა, აბსურდული ბრალდებები, თითქოს შინაარსისგან დაცლილი ხედვა წარვადგინეთ, მაშინ, როდესაც მე ყველა მიმართულებაზე დეტალურად ვისაუბრე. კიდევ ერთხელ შევახსენე ჩვენს თავს, თუ რამხელა პროგრესი გვქონდა ბოლო წლებში ყველა მიმართულებით.
არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უშეცდომონი, პირიქით, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ დანაშაული არ დაგვიშვია მეგობრებო. როცა ჩვენ ვესაუბრებით ოპონენტებს და როცა მე ხელს ვიშვერ, ვგულისხმობ დამნაშავე პირებს, წინა ხელისუფლების, „ნაცმოძრაობის.“ რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვახსოვს, უნდა გვახსოვდეს, უნდა ახსოვდეს ჩვენს ამომრჩეველსა და მოსახლეობას, რომ შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. აღარ გვაქვს შეცდომების გამეორების უფლება,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტში მისი ანგარიშის დროს, არაერთხელ გაიხსენეს და ახსენეს 2008 წლის აგვისტოს ომი. მთავრობის მეთაურის თქმით, მას მესმის, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მძიმე ჭრილობაა, მაგრამ როგორც პრემიერმა თქვა, ეს მათი მძიმე მემკვიდრეობაა.
„ჩვენს თავს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, ჩვენი მოქალაქეების მუდმივი ჩაგვრა, ტერორი, წამება, არაადამიანური მოპყრობა ციხეებში თუ ციხის გარეთ. გაუპატიურება და ა.შ. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო.
აღარაფერს ვსაუბრობ არც ადამიანის უფლებებზე, არც მედიის თავისუფლებაზე, რაზეც ბატონმა არჩილმა ისაუბრა, რაც მათ აღარ აინტერესებთ. სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვესაუბრებიან ჩვენ, იმ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, რომელიც 2012 წლამდე პროკურატურის დანაყოფი იყო.
რასაც ეტყოდა პროკურორი, იმას გააკეთებდა მოსამართლე. დღეს ეს ადამიანები გამოდიან და გვეუბნებიან ჩვენ – რატომ რჩებიან დღეს სასამართლოში ბატონი მურუსიძე და სხვები. რამდენიმეს გვარი აქვთ დაზეპირებული. ბატონებო, უკაცრავად – თქვენ მოგმართავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს – თქვენ რატომ რჩებით პოლიტიკაში დღეს, ამ მძიმე წარსულის შემოქმედები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.