„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მთავარი მიზანი ომის პროვოცირება, ტერიტორიების დათმობა, კონფლიქტის გრძელვადიანი გაყინვა იყო, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა“.
მათივე ცნობით, „7 აგვისტოს ცხინვალის მასირებული დაბომბვა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ მოღალატეობრივ დანაშაულთა მხოლოდ კულმინაცია იყო, რომელმაც შედეგად საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დაკარგვა, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, 400-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და 30 ათასი ადამიანის დევნილობა მოიტანა“.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „2008 წლის აგვისტოს ომი, ადამიანების წამებასთან და მკვლელობასთან, ბიზნესის რეკეტთან, ტელევიზიების მიტაცებასთან, არჩევნების ტოტალურ გაყალბებასთან და მრავალ სხვა სისტემურ დანაშაულთან ერთად, არის „ნაციონალური მოძრაობის“ უმთავრესი დანაშაული, რომლისთვისაც ამ პოლიტიკურმა ძალამ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.“
„2008 წლის ომი არ ყოფილა სპონტანური დანაშაული, რასაც ის ფაქტი მოწმობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ამ ომს მთელი 3 წლის მანძილზე ამწიფებდა. „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, დაიწყო სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სამხედრო პროვოკაციების სერია, რაც რეგიონში ვითარებას მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ძაბავდა. 2005 წელს მიღებულ იქნა კანონი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ“. ამ კანონის საფუძველზე, მალევე დაფუძნდა „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული“ და აღდგა გამსახურდიას ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ 1991 წელს გაუქმებული ავტონომიური ოლქის საზღვრები. სააკაშვილის რეჟიმის ორგანიზებით, ჩატარდა ალტერნატიული სეპარატული არჩევნები და აირჩა რეგიონის ალტერნატიული პრეზიდენტი. ცხინვალის რეგიონში ერთმანეთის მიყოლებით იქმნებოდა „ენჯეოები“, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავდნენ და ახორციელებდნენ.
პარალელურად, კოდორის ხეობას ეწოდა ზემო აფხაზეთი, გამოაძევეს ხეობის ადგილობრივი მცველები და კოდორში შინაგანი ჯარი და სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს. ამ ქმედებებს მოჰყვა უმწვავესი რეაგირება გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან, რომელმაც 2006 წლის 13 ოქტომბრის რეზოლუციით, სააკაშვილის რეჟიმს 1994 წლის მოსკოვის სამშვიდობო შეთანხმების უხეშ დარღვევაში დასდო ბრალი. მოგვიანებით, სააკაშვილმა კოდორის ხეობა ერთი ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარა და ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებაც სრულად ადგილზე დატოვა.
7 აგვისტოს ცხინვალის მასირებული დაბომბვა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ მოღალატეობრივ დანაშაულთა მხოლოდ კულმინაცია იყო, რომელმაც შედეგად საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დაკარგვა, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, 400-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და 30 ათასი ადამიანის დევნილობა მოიტანა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ღალატი საბოლოოდ გააფორმა, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერითა და ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, 2008 წლის ომის დაწყება უპირობოდ აღიარა.
ამ ყველაფრის მთავარი მიზანი ომის პროვოცირება, ტერიტორიების დათმობა, კონფლიქტის გრძელვადიანი გაყინვა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების თითქმის შეუძლებლად ქცევა იყო, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ და უხეშად ეწინააღმდეგებოდა.
ამ დანაშაულის ფონზე, კრებსით „ნაცმოძრაობას“ არა აქვს არავითარი ლეგიტიმური უფლება, ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია ჰქონდეს. ეს კარგად იციან მათმა პატრონებმა და სწორედ ამიტომაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგისთვის, ანუ მისი სხვა სახელის ქვეშ შეფუთვისთვის ცდას არ აკლებენ. უკვე წლებია, ისინი „ნაცმოძრაობას“ პატარა პარტიებად შლიან, რომ ხალხი მოატყუონ და ხელისუფლებაში მათი ერთობლიობა დააბრუნონ.
სწორედ ასე გამოყვეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წლების მანძილზე „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „დროა“ და „ახალი“. „ნაცმოძრაობის“ გასამაგრებლად შეიქმნა „ლელო“, რომელსაც უსუფაშვილის, ნაცვლიშვილის, სამადაშვილის და სხვების სახით, მაკონტროლებლები მრავლად ჩაუსვეს, აგრეთვე გახარიას პარტია, რომელიც 2021 წელს იმისათვის დაფუძნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ 43%-იანი ბარიერი ვერ გადაელახა და რიგგარეშე არჩევნებით, ხელისუფლებაში კრებსითი „ნაცმოძრაობა“ დაბრუნებულიყო. მეტიც, თავად „ნაცმოძრაობასაც“ შეუცვალეს ფორმალურად სათაური და ამ არჩევნებში ისინი „ერთიანობის“ სახელით გამოდიან. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ „ნაცმოძრაობის“ არალეგიტიმურობას თავად მისი პატრონებიც აცნობიერებენ და აღიარებენ.
„ნაცმოძრაობის“ სატელიტ პარტიებს არავითარი დამოუკიდებელი იდეოლოგია და იდენტობა არა აქვთ. ერთმანეთთან ღიად მეგობრობას და ერთ „ფანჩატურში“ ჯდომას ისინი არასოდეს ერიდებოდნენ და არც იმას მალავენ, რომ პარლამენტში აუცილებლად კოალიციას შეკრავენ, როგორც ეს „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში გააკეთეს. როდესაც არაფერი განგასხვავებს და მაინც ცალკე პარტიებად რეგისტრირდები, აშკარაა, რომ ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანი „ნაცმოძრაობის“ არალეგიტიმურობისთვის ხელოვნური საფარველის შექმნაა.
იმ პირობებში, რომ „ნაცმოძრაობის“ არალეგიტიმურობას მათი პატრონებიც აღიარებენ, ხელისუფლების მხრიდან მისი სამართლებრივი ლეგიტიმაციის არგაუქმება ყოველგვარ ლოგიკას იქნებოდა მოკლებული. აქედან გამომდინარე, არჩევნების შემდეგ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები აუცილებლად უნდა აღიძრას და კრებსითმა „ნაცმოძრაობამ“ ყველა დანაშაულისთვის კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. იმ პოლიტიკური ძალის ადგილი, რომელმაც საქართველოს ომი მოუტანა და რომელიც ჩვენს ქვეყანას ახლაც ომისკენ ექაჩება, ქართულ პოლიტიკაში არ შეიძლება იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.