გუშინ, ბოლნისის რაიონში, სოფელ ბალახაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა.
მოზარდები გზის პირას პროდუქტს ყიდულობდნენ, როცა მოულოდნელად მათ ავტომობილი დაეჯახა, ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.
ავარიის შედეგად ასევე დაშავდა სამი პირი, მათგან ერთი მოვაჭრე ქალბატონია, რომელიც მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. ხოლო დანარჩენი ორი დაშავებული მანქანაში მყოფები არიან.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ძმები არიან, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი დეიდაშვილები იყვნენ.
ერთ-ერთი გარდაცვლილი მარნეულის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე, 14 წლის ნაილ აბდულაევია, რომელიც ბოლნისში დეიდასთან სტუმრად იმყოფებოდა.
„თავიდან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ დაღუპულები ძმები არიან. ისინი დეიდაშვილები იყვნენ. ნაილი დეიდასთან იყო ბოლნისში სტუმრად, როცა ეს ტრაგედია მოხდა.
ნაილი ძალიან წყნარი ბავშვი იყო, უკარგესი, მამა არ ჰყავდა. დედა ზრდიდა“, – ამბობენ ადგილობრივები მედიასთან საუბრისას.
განცხადება გაავრცელა სკოლამაც, რომელშიც ნაილ აბდულაევი სწავლობდა და მომხდარის გამო, ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა:
„სსიპ ქ.მარნეულის #1 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის მერვე კლასის მოსწავლის ნაილ აბდულაევის, ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეორე დაღუპული მოზარდი კი, ბოლნისის სოფელ მუხნარას სკოლის მოსწავლე იყო. სოფელ მუხნარას სკოლის დირექტორი ნესტან ონიანი „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ამბობს, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბავშვები პროდუქტებს ყიდულობდნენ.
„ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. ერთ-ერთი დაღუპული ჩემი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. ასევე გარდაცვლილია მეორე მოზარდი, მისი თანატოლი, რომელიც მარნეულიდან არის და სტუმრად იყო ჩამოსული სოფელში.
ითქვა, რომ თითქოს ძმები არიან დაღუპულები, მაგრამ ეს არ არის სიმართლე, გადავამოწმე ინფორმაცია და დავაზუსტე, მეორე დაღუპული მარნეულიდანაა. არც ის არის სიმართლე, რომ ისინი იქ ვაჭრობდნენ, არა, იმ ადგილას ძირითადად მოხუცები დგანან და ვაჭრობენ.
პატარა ბაზარივით აქვთ და სოფლის პროდუქტებს, ბოსტნეულს ყიდიან. ბავშვები იქ პროდუქტის საყიდლად იყვნენ მისულები და ამ დროს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა“. – ამბობს ნესტან ონიანი.