LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაჯა ორაშვილის ემოციური პოსტი: „ჩვენ ერთი კვირის წინ ოცნებები წაგვართვეს, მაგრამ ვერ წაგვართვეს თავისუფლება“

137

კლუბ „ბასიანის“ წარმომადგენელი, ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში წერს იმ განცდების შესახებ, რომელიც „ბასიანთან“ დაკავშირებით ეუფლება. შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით კლუბმა მუშაობა ვერ განაახლა და ეს ნაჯას გულისწყვეტის დიდი მიზეზია, ისევე, როგორც მისი მეგობრებისად ა თანამოაზრეების.

ნაჯა წერს:

„რკინის მუზარადის უკან გაბრაზებული, ახალი იდეებისთვის მებრძოლი ადამიანი უნდა დაინახო, რომელიც საკუთარი თავისუფლების მოსაპოვებლად უკან არ დაიხევს”, – Forbes Georgia

დღეს პარასკევია, პირველი პარასკევი, როდესაც BASSIANI-ზე ვერ მივდივართ. ჩვენს სახლში ვერ მივდივართ – უსამართლო და მჩაგვრელი სისტემის გამო.

4 წლის განმავლობაში, პატარა აუზის აივნიდან ვუყურებდი ათასობით მოცეკვავე ადამიანს, ამ მეამბოხე სულებს და ყოველთვის ჟრუანტელი მივლიდა მათ ქაოტურ, მაგრამ ამავდროულად ყველაზე ჰარმონიულ მოძრაობებზე. ვუყურებდი ადამიანებს, რომლებმაც უახლოეს წარსულში 4 ომი გამოიარეს და ახლა, ცეკვით, მართლა თავისუფლებისთვის იბრძვიან.

ყოველ პარასკევს თვალებზე ცრემლმომდგარი ვიდექი და ჩემ თავს ვეუბნებოდი – “ნაჯა, ამ ყველაფერს როგორ უძლებ?!”

შავ პარასკევს, როდესაც სპეცრაზმი შემოიჭრა კლუბში, ყვიროდნენ “ფუ, ჯოჯოხეთში მოვედითო”, ჩვენს ბეტონის კედლებს იწუნებდნენ, იმ კედლებს, რომელიც ჩვენს უამრავ ისტორიას ინახავს. ჯოჯოხეთს უწოდებდნენ იმ ადგილს, რომელმაც კარი გაუღო და შეიფარა უამრავი სოციალური ჯგუფი – მდიდარიც და ღარიბიც, იმ ადგილს, სადაც ჰომოფობია დამარცხდა. ადგილს, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ძალიან ცოტა ქალი ცეკვავდა და ყველა ქალს სათითაოდ ვუხდიდი მადლობას იმისთვის, რომ ამ უთანასწორო გარემოში კლუბში მოსვლა მოახერხეს. ახლა კი ქალების არმია ცეკვავს.

ალბათ, ყველამ იცით, რომ ამ ხნის განმავლობაში საცეკვაო მოედნიდან არ გამიდგამს ფეხი, ყოველთვის ჩემს ხალხთან ერთად ვიდექი და ამ ხალხთან ერთად ვიდგები სიცოცხლის ბოლომდე, რადგან ზუსტად ის ადამიანები დაარბიეს, ვინც ყველაზე მეტად ზრუნავს ადამიანებზე და ქვეყანაზე.

ამ ფოტოში მდგარი ადამიანები ქვეყნიდან იმიტომ არ წავედით, რომ გვჯეროდა ამ ქალაქის წინსვლის. ყველაფერს ჩვენი შრომით და სიყვარულით მივაღწიეთ და ჩვენ ამ უზომო სიყვარულისთვის დავისაჯეთ.

დიახ, ჩვენ ერთი კვირის წინ ოცნებები წაგვართვეს, მაგრამ ვერ წაგვართვეს თავისუფლება.

ჩვენ დავბრუნდებით!

მაგრამ, მანამდე არ დათმოთ ცეკვა და 4GB 2018-ზე ვიცეკვოთ ერთად!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g