კომპანია Audi-მ ინოვაციური კომპაქტური კროსოვერის Q4 e-tron-ის სამუშაო ექსკიზი გაავრცელა. კონცეპტის პრემიერა ჟენევის ავტოსალონზე შედგება, სერიული ვერსიის დებიუტი კი 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
კროსოვერის ვიზუალი ბრენდის საფირმო სტილშია შესრულებული. მაგალითად, ავტომობილის წინა ნაწილი ფლაგმანი Q8-ს ანალოგიურად გამოიყურება. რადიატორის ბადე, ფარები, ბამპერი თუ სხვა დეტალებიც მთლიანად Audi-ს ხელწერითაა შესრულებული.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ამის შესახებ ინფორმაციას მწარმოებელი ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროებს. შესაძლოა e-Tron-ისთვის ადაპტირებული ელექტრონული აგრეგატიც შეიქმნას და ორი ძრავის საერთო სიძლიერე 360 ცხენის ძალა იყოს. მოძრაობის მარაგი კი კროსოვერისთვის ერთი დამუხტვით 400 კმ-ს მაინც უნდა შეადგენდეს.

